15 ნოემბერი 2024,   03:09
ვრცლად
თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია - ვინ აბულინგებდა ქალ ოპოზიციონერ დეპუტატებს ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად არჩევის გამო 

თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძესა და თამარ კორძაიასთან ერთად ის დეპუტატია, რომელმაც სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, თუმცა, მის ამ გადაწყვეტილებას თან ახლდა მწვავე კრიტიკა, როგორც ოპოზიციიდან, ისე მესამე სექტორიდან და საექსპერტო წრეებიდან. თავად თეონა აქუბარდია ადასტურებს, რომ მისი და მისი კოლეგა ქალების პოზიციას განსაკუთრებით ხისტი შეფასებები სოციალურ ქსელებში მოჰყვა, მათ კრიტიკას არ ერიდებოდნენ სხდომათა დარბაზში მყოფი ოპოზიციის წარმომადგენლებიც. აქუბარდია ამბობს, რომ მსგავსი დამოკიდებულების მოსმენა კომფორტული არ ყოფილა, თუმცა, ამას მის გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოუხდენია.

ქალ დეპუტატებზე ზეწოლაში პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, ოპოზიციასთან ერთად, არასამთავრობო სექტორიც მონაწილეობდა. შალვა პაპუაშვილმა ღამის კურიერის ეთერიდან ქალ ოპოზიციონერებს იმ პირების დასახელებისკენ მოუწოდა, ვინც მათზე სახალხო დამცველის დამტკიცების პროცესში ზეწოლას ახდენდა.

ის, რომ მათ გადაწყვეტილებს ბევრი აკრიტიკებდა, ადასტურებს ხათუნა სამნიძეც. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ მწვავე შეფასებები აქტიურად ისმოდა სოციალურ ქსელებში, თუნდაც მესამე სექტორის მხრიდან, თუმცა, კონკრეტულად ვინ მოუწოდებდა ქალ დეპუტატებს ხმა არ მიეცათ ლევან იოსელიანისთვის - სამნიძე არ ასახელებს.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მესამე სექტორის მხრიდან ზეწოლას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა - ერთი, მათი თქმით, ეს იყო ხელის შეშლის მცდელობა ევროინტეგრაციის პროცესისთვის და მეორე, თავად ლევან იოსელიანის ფიგურა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დღეს ისიც თქვა, რომ სავარაუდო ზეწოლის კამპანიაში 15-მდე ენჯეო იყო ჩართული.

ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის პოსტზე 7 მარტს აირჩიეს, საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად მას მხარი ოპოზიციის ნაწილმაც დაუჭირა, მათ შორის სამმა ქალმა დეპუტატმა. სწორედ ახალი ომბუდსმენი იყო პირველი, რომელიც ღიად ალაპარაკდა ქალი ოპოზიციონერების მიმართ განხორციელებულ წნეხზე და მხარდაჭერისთვის საჯარო მადლობა გადაუხადა.

დღის ამბები