27 ივლისი 2024,   04:54
ვრცლად
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩისთვის ემზადება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს საბრძოლო შემადგენლობით და ახალი იმედებით ხვდება. ვილი სანიოლის განკარგულებაში 25 მოთამაშეა, მათ შორის ის ლეგიონერები, რომლებიც გამორჩეულ სეზონს ატარებენ. ეროვნულ ნაკრებს ორი დღის წინ შეუერთდა ფეხბურთელი, რომელმაც მიმდინარე სეზონში საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა, ხვიჩა კვარაცხელია
სამშობლოში ოპტიმალურ ფორმაში დაბრუნდა, ის მზად არის პრინციპული მატჩისთვის და დარწმუნებულია, რომ ეროვნულ ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატების რეალური შანსი აქვს.

საქართველოს ნაკრები მარტის მატჩებისთვის დინამო თბილისის საწვრთნელ ბაზაზე ემზადება.
ჩვენმა გუნდმა ვარჯიში 26 ფეხბურთელით დაიწყო თუმცა ტრავმის გამო გუნდს ანზორ მექვაბიშვილი გამოაკლდა. ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით ეროვნულ ნაკრებში არ არიან გამოძახებული ლუკა ლოჩოშვილი და დავით ხოჭოლავა.

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიფიკაციო ეტაპზე "ა" ჯგუფში ესპანეთის, შოტლანდიის, ნორვეგიისა და კვიპროსის ნაკრებებს დაუპირისპირდება, 2023 წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრას ჩვენი გუნდი 28 მარტს, ნორვეგიის წინააღმდეგ ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე გამართავს.

სკანდინავიელები საქართველოს წინააღმდეგ გუნდის უპირობო ლიდერის გარეშე ითამაშებენ , ნორვეგიის ნაკრებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება ერლინგ ბრუტ ჰაალანდი, ამ დროისთვის მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელი, მოთამაშე რომელმაც ბოლო სამ თამაშში 9 გოლი გაიტანა.
საქართველოს ნაკრებს ნორვეგიასთან ისტორიაში სულ სამი შეხვედრა აქვს გამართული, სამივე შემთხვევაში გამარჯვება ნორვეგიამ მოიპოვა.

საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე სამი დღით ადრე ქართველი ფეხბურთელები ამხანაგურ მატჩს გამართავენ.
ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში 183-ე ადგილს მყოფ მონღოლეთს დაუპირისპირდება, საქართველო იქნება პირველი არააზიური ქვეყანა, რომელსაც მონღოლეთი შეხვდება.

საქართველო-მონღოლეთის საფეხბურთო დაპირისპირება 25 მარტს 21 საათზე დაიწყება, სამ დღეში ბათუმი არენაზე ქართველი ფეხბურთელები ნორვეგიის დამარცხებას შეეცდებიან, საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, მატჩზე დასასწრები უკლებლივ ყველა ბილეთი გაყიდულია.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი. 

დღის ამბები