საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების და "ნაპოლი"-ს ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას ექსკლუზიურ ინტერვიუს ავრცელებს. ინტერვიუში ფეხბურთელი "დინამო ბათუმში" გატარებულ პერიოდზე, "ნაპოლისა" და საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე საუბრობს.
ხვიჩა კვარაცხელია გამორჩეულ სეზონს ატარებს, იტალიელებმა ქართველი ფეხბურთელი ათ მილიონ ევროდ შეიძინეს ამ დროისთვის მისი სატრანსფერო ფასი 85 მილიოს შეადგენს. ყველა ტურნირზე "ნაპოლის" მაისურით კვარაცხელიამ, 30 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ამ დროისთვის, ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის 2024 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრისთვის ემზადება. საქართველოს ნაკრები 28 მარტს ბათუმში ნორვეგიას დაუპირისპირდება, სამი დღით ადრე კი ასევე ბათუმში მონღოლეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
"ბათუმმა ჩემს "ნაპოლში" წასვლაზე დიდი როლი ითამაშა. როდესაც პირველი პირველად ვათამაშე და გოლი გავიტანე, ამან ჩემი თვითრწმენა ამაღლდა და უკვე მეც ვფიქრობდი, რომ შემეძლო დიდი ფეხბურთელი გავმხდარიყავი, ვყოფილიყავი იმ დონის ფეხბურთელი როგორებიც არიან სერია "ა"-ში.
რაც შეეხება გულშემატკივრებს, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, რადგან ჩვენს გვერდით არიან. შეიძლება ვერ გავჩერდე და გულშემატკივართან ფოტო ვერ გადავიღო, მაგრამ ჩემი აზრით ამ ადამიანებმაც უნდა გაიგონ ხანდახან, რომ ეს ცოტა რთულია. ცხოვრებაში ის ვიგრძენი და ვისწავლე, რომ თუ ადამიანს ოცნება აქვს, მისი ასრულება ყოველთვის შეუძლია თუ მოინდომებს", - განაცხადა კვარაცხელიამ.