15 ნოემბერი 2024,   03:14
ვრცლად
დამნაშავე ხართ ბატონო პრემიერო ქართველი ახალგაზრდების და უკრაინის წინაშე!

პარლამენტი პრემიერ მინისტრს უსმენს, ირაკლი ღარიბაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით იმყოფება.

ახლა დებატების ეტაპია, დეპუტატები საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ- ოპოზიცია ხელისუფლების და პირადად ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ კრიტიკულია, თუმცა თავად პრემიერმაც საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკა საკუთარ გამოსვლაში ოპონენტები, ისმის ურთიერთბრალდებები.

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი ხატია დეკანოიძემ პრემიერს მიმართა და უთხრა, რომ მოლდოვასთან დაკავშირებით მისი სიტყვები ტყუილია. 

"მე მინდა ტყუილებში გამხილოთ და პირველი ტყუილი რაც თქვით ეს არის მოლდოვა. თქვენ მთელი ამ პერიოდის მანძილზე რაც ტრიბუნასთან დგახართ საქართველოს მოქალაქეებს აშინებთ ომით. როდესაც საუბრობთ, რომ მოლდოვაში არის ომის საფრთხე მე წაგიკითხავთ სანდუს სიტყვებს- მე მინდა დავარწმუნო მოლდოვის მოქალაქეები რომ არავითარი ომის საფრთხე არ არსებობს, რადგან ჩვენ გვიცავს უკრაინა. ეს არის ნამდვილი პრეზიდენტი და ქვეყნის მეთაური, თქვენ ძალიან შორს ხართ სანდუსგან და მე მას ნამდვილად არ გადარებთ,"- აცხადებს დეკანოიძე.

 „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

სამადაშვილმა პრემიერის მისამართით აღნიშნა ისიც, რომ ის დამნაშავეა და ქართველ ახალგაზრდებს, საკუთარ ოჯახს და უკრაინელებს ბოდიში უნდა მოუხადოს.

"როგორც გაფუჭებული საათი აჩვენებს ხანდახან სწორ დროს, ასე, დღეს ამ კაცმა, რომელსაც ამ ქვეყნის სამარცხვინოდ პრემიერ-მინისტრი ჰქვია, ერთი სწორი რამ თქვა, რომ ქვეყნის მტრობა ევროპული დღის წესრიგისთვის ხელის შეშლაა. ეს თუ ასეა, თქვენ რატომ გქვიათ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ეს ხალხი უმრავლესობაში რატომ ზის? თქვენი დამსახურებით და ქვეყნის მტრობით დღეს კანდიდატის სტატუსი არ აქვს. დღეს ამ დარბაზში რატომ არ მოხვედით დიდი ნაცრის ყუთით, რატომ არ წაიყარეთ თავზე ნაცარი, არ დაურიგეთ უმრავლესობას პარლამენტში და Mea culpa-თი (ჩემი ბრალია) რატომ არ დაიწყეთ საკუთარ გამოსვლა. სამჯერ უნდა დაიძახოთ Mea culpa, რაც ლათინურად „დამნაშავე ვარ“-ს ნიშნავს. დამნაშავე ხართ, ბატონო პრემიერო. დამნაშავე ხართ, რომ ახალგაზრდებს, რომლებმაც სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გადაარჩინეს ეს ქვეყანა, რადგან არანაირ კანდიდატის სტატუსზე არ იქნებოდა საუბარი რუსეთის დავალება რომ ბოლომდე მიგეყვანათ და რუსული კანონი მიგეღოთ, თქვენ უწოდეთ სატანისტები. დამნაშავე ხართ, უკრაინის წინაშე, იმიტომ რომ აქ ვერ გაბედავდი შენ დგომას და საუბარს, დღეს რომ უკრაინაში გმირულად არ იბრძოდნენ მათ შორის ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. დამნაშავე ვარ და მაპატიეთო, უნდა გეთქვა უკრაინელებისთვის. რუსების მიერ მოკლული, გაუპატიურებული უკრაინელი ბავშვებისთვის. აქ რომ სამარცხვინოდ გამოდიხარ და ნიშნის მოგებით საუბრობთ, თურმე უკრაინაში რა დღეში არიან და ჩვენი ქვეყნის უკრაინიზაცია უნდათ. სამარცხვინო ადამიანი ხარ. ყველა გამოსვლა უნდა დაიწყო სიტყვებით - დამნაშავე ვარ - Mea culpa, Mea culpa, Mea culpa,"- განაცადა სამადაშვილმა. 

დღის ამბები