პარლამენტის დატვირთულ დღეს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია - დღის ბოლოს საკანონმდებლო ორგანოს დერეფანში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ, "ქართული ოცნების" დეპუტატები ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძეს კიბეებთან დაედევნენ.
დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ დავით მათიკაშვილი და ალუდა ღუდუშაური. კონფლიქტი სხდომათა დარბაზში მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა პრემიერ-მინისტრმა, გუბაზ სანიკიძეს საპარლამენტო ტრიბუნიდან მოღალატე და გაყიდული ადამიანი უწოდა.
უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატსა და გუბაზ სანიკიძეს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეაფასა. მისის თქმით, გუბაზ სანიკიძეს პარლამენტის შენობდან სამარცხვინოდ მოუწია გაქცევა.
"ეს იყო სათანადო პასუხი იმ სამარცხვინო განცხადებაზე, რომელიც მან გააკეთა. რაც შეეხება 100 000 დოლარს, ყველამ იცის, ვინც საქმეშია ჩახედული, რომ მას ნაციონალობისთვის აქვს აღებული 100 000 დოლარი. მილიონი ვერ იშოვა, მაგრამ იშოვა 100 000 დოლარი. 100 000 დოლარად როცა ხდები ნაცი, ამაზე დიდი სირცხვილი უბრალოდ არ არსებობს. მე არ მიყვარს ძველბიჭური განცხადებები, მაგრამ შეიწერა საკუთარ დედაზე გუბაზ სანიკიძემ. უარყოფა უნდოდა ამ 100 000 დოლარის აღების. ეს არის გუბაზ სანიკიძის სახე, ეს არის მორალური ფსკერი. ასეთი ადამიანები პარლამენტის შენობიდან ასეთი ფორმით უნდა გადიოდნენ," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ძალადობრივი ქმედებები დაგმო პარლამენტის წევრმა, ხატია დეკანოიძემ, რომელმაც თქვა, რომ დეპუტატები ფიზიკურად ძალადობენ გუბაზ სანიკიძეზე.
"ეს არის ძალადობის ძალიან კონკრეტული მაგალითი, როდესაც ერთ ადამიანს თავს ესხმის საპარლამენტო უმრავლესობა. დეპუტატები ფიზიკურად ძალადობენ გუბაზ სანიკიძეზე, ეს ჩანს ყველა კადრში. მაგრამ, სანამ კადრები გამოჩნდებოდა, როგორც ადამიანები საუბრობენ, ძალიან სერიოზული ფიზიკური ზიანი მიადგა გუბაზს, იმიტომ, რომ ნახეთ შელაპარაკება მასსა და პრემიერ-მინისტრს შორის. ეს არის ყოველგვარი წესების გარეშე, პირდაპირ გამოცხადებული ძალადობის ქრონიკა ოპოზიციის წინააღმდეგ," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.