15 ნოემბერი 2024,   03:09
ვრცლად
ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე სასაუბროდ, პრემიერი დღეს პარლამენტში ოპოზიციამ მიიწვია - ინტერპელაციის წესით ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენა რამდენიმე საათი გაგრძელდა

ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე სასაუბროდ, საკანონმდებლო ორგანოში ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციის 9 დეპუტატის მოთხოვნით მიიწვიეს.

რატომ არ ხდება უსაფრთხოების სფეროში კონცეპტუალური დოკუმენტების განახლება, გაიზარდა თუ არა ქვეყნის საფრთხეები უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე და რას უპირისპირებს ხელისუფლება ამ გამოწვევებს? - კითხვები ინტერპელაციაზე ხელმომწერი ოპოზიციონერი დეპუტატების სახელით, საპარლამენტო ტრიბუნიდან თეონა აქუბარდიამ დასვა.

საქართველოს რისკები ევროპის სხვა სახელმწიფოების მსგავსად - ამ თემაზე საუბრით დაიწყო პრემიერ-მინისტრმა საკუთარი გამოსვლა. რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებები, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, დამანგრეველი შედეგების მომტანია და მესამე მსოფლიო ომის დაწყების საშიშროებას ქმნის.

საომარი მოქმედებების საქართველოში გადმოტანა, მეორე ფრონტის გახსნა - პრემიერის განცხადებით, ეს არის ქვეყნის შიდა და გარე მტრების სურვილი. კითხვას მთავრობის მეთაურმა პასუხი თავად გასცა, როდესაც თქვა, რომ გარე ძალებთან ერთად საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობას ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები ცდილობენ.

ირაკლი ღარიბაშვილმა ამ კონტექსტში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის მიზნები გაიხსენა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, "მეხუთე კოლონა" კვლავ განაგრძობს.

პრემიერმა მაგალითად ის აქციები მოიყვანა, რომლებიც საქართველოში ბოლო პერიოდში გაიმართა. საპარლამენტო ტრიბუნიდან ითქვა, რომ ამ გამოწვევების ფონზე ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის ევროატლანტიკური კურსია. "ქართული ოცნება", მთავრობის ხელმძღვანელის განმარტებით, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამ მიზნის მისაღწევად ყველა ნაბიჯს დგამს.

ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟის მცდელობის მიუხედავად, ხელისუფლება 12 რეკომენდაციას შეასრულებს. ქვეყანაში პოლარიზაციის შესამცირებლად კი, პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ევროპელი პარტნიორების მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ირაკლი ღარიბაშვილს კითხვები თავად აქვს იმ ევროპარლამენტარებთან, რომლებმაც ყოფილი ხელისუფლების პირველი პირების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს. ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას არწმუნებს, რომ წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული მძიმე მემკვიდრეობის მიუხედავად, "ქართული ოცნება" სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული დარჩება.

საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა, დაახლოებით 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

დღის ამბები