ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი აპრილში ჩინეთში ერთად ჩავლენ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, საკითხზე ის ასევე ესაუბრა გერმანიის კანცლერს. მაკრონის თქმით, საფრანგეთსა და გერმანიას ერთიანი მიდგომა აქვთ, რაც რუსეთზე ზეგავლენის მოსახდენად ჩინეთთან თანამშრომლობას გულისხმობს.
გადაწყვეტილება ჩინეთის პრეზიდენტის რუსეთში ვიზიტსა და პუტინთან შეხვედრას მოჰყვა. ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის ევროკომისიის პრეზიდენტის რანგში, ჩინეთში პირველი ვიზიტი იქნება.
ჩინეთში გასამგზავრებლად მზადყოფნა გამოთქვა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმაც, რომელმაც ევროკავშირის ლიდერების სამიტზე განაცხადა, რომ ის ოფიციალური ვიზიტით პეკინს უახლოეს მომავალში ეწვევა.