მორიგი დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში"-პარტიის ახალგაზრდული ფრთის ყრილობაზე ყველა ვერ მოხვდა. ნიკა მელიას მხარდამჭერები, ლევან ხაბეიშვილის მომხრეებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ისინი შეკრებაზე სპეციალურად არ მიიწვიეს.
ფაქტის უკან კი ვანო მერაბიშვილს ხედავენ და ამბობენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" წარსულის მეთოდების გამოყენება გრძელდება.
"დღეს გამოვიდა პარტიის თავმჯდომარე და იძახის, რომ ახალგაზრდებმა უნდა არიგონ ფლაერებიო. ანუ, ასე უყურებენ ისინი ახალგაზრდებს. ამ ქვეყნის მომავალი უნდა განსაზღვრონ ახალგაზრდებმა და შექმნან პოლიტიკა, რომელი ახალგაზრდებიც 7-8 მარტს იდგნენ და იცავდნენ ქვეყნის მომავალს, ამ ადამიანებმა უნდა შექმნან და არა ვანო მერაბიშვილმა და მისმა წარსულმა პოლიტიკამ. ეს ადამიანი ვერ გამოვიდა ამ არაფორმალური მმართველობიდან და საკუთარ, ვიწრო ინტერესებს უნდა, რომ გადააყოლოს ამ ქვეყნის მომავალი,"-აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი.
ბრალდებას სიცრუეს უწოდებენ ადრესატები და ამბობენ, რომ კარი ყველასთვის ღია იყო, თუმცა მელიას მომხრეები ყრილობაზე არ მივიდნენ. საკითხი კი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს.