საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის მიერ სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა სამხედრო აგრესიამ, სრულად მოარყია რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურა - ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა კურიერი P.S-ის ეთერში განაცხადა.
მინისტრი საუბრობს ევროპელი პარტნიორების მხრიდან მტკიცე მხარდაჭერაზე და აცხადებს, რომ მთავრობის ამოცანაა ქვეყნის დაახლოება ევროპულ და ევროატლანტიკურ ალიანსთან- პარალელურად კი ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკის განვითარება.
"ჩვენი პარტნიორები ძალიან ახლოს იცნობენ საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს- ეს გამოწვეულია იმით, რომ ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით არის ძალიან გართულებული სიტუაცია, რუსეთის სამხედრო აგრესია სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ, ამ პროცესმა მთლიანად მოარყია ჩვენს რეგიონში და რეგიონის მიღმა უსაფრთხოების არქიტექტურა. შესაბამისად ჩვენი პარტნიორებისთვის აბსოლუტურად გასაგებია ის ძალიან რთული სიტუაცია, რომელშიც დღეს ჩვენი ქვეყანა იმყოფება.
ამიტომ, ჩვენ გვაქვს, ჩვენი პარტნიორებისგან ძალიან ძლიერი მხარდაჭერა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ერთის მხრივ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის რეფორმები, ჩვენი ქვეყნის დაახლოება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ჩვენს საგარეო პრიორიტეტებთან და მეორეს მხრივ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება,"-აცხადებს ილია დარჩიაშვილი.