თბილისში, ნორვეგიის საელჩოსთან მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს დაპატიმრებული პირების ახლობლების აქცია გაიმართა.
როგორც აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, მათი პროტესტის მიზეზი ის ჯილდოა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში ნორვეგიის "კონსერვატიული პარტიისგან" მიიღო.
აქციის მონაწილეები საქართველოში ნორვეგიის ელჩთან შეხვედრას ითხოვენ და თვლიან, რომ დიპლომატმა პოზიცია უნდა დააფიქსიროს, იზიარებს თუ არა ნორვეგიის მთავრობა "კონსერვატიული პარტიის" მიერ გაცემული ჯილდოს მიზანშეწონილობას.
"მიხეილ სააკაშვილს მიანიჭეს დემოკრატიის განვითარების და ადამიანის უფლებების დაცვის ჯილდო-სირცხვილია. ჩვენ აქ იმიტომ, მოვედით, რომ ნორვეგიის ელჩს ვთხოვოთ, გამოვიდეს და დააფიქსიროს, რომ ეს არ არის ნორვეგიის მთავრობის პოზიცია. მისმა რეჟიმმა და მისმა ბრძანებებმა, ნულოვანი ტოლერანტობა-გამომდინარე აქედან იყო, რომ ეს ხალხი შეიწირა სააკაშვილმა,"-აცხადებს გარდაცვლილი სულხან მოლაშვილის ძმა თორნიკე მოლაშვილი.