მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ ურთიერთბრალდებების მიზეზია. სააკაშვილის გარემოცვა ფიქრობს, რომ კლინიკა პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს. "ვივამედში" კი აცხადებენ, რომ სააკაშვილი იკვებება შერჩევითად. ოჯახის წევრებს საკვები არ შეაქვთ ექიმების რეკომენდაციის შესაბამისი კალორაჟით, რაც წონაში კლებას იწვევს.
მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები კი ირწმუნებიან, რომ ექსპრეზიდენტი მოწამლულია და საჭირო რაოდენობის საკვებს არ კი არა, ვერ იღებს.
"ადამიანი არის მოწამლული და ვერ ჭამს იმ კალორიებს, 1 500-ს, რომელსაც ესენი ითხოვენ. როგორ ფიქრობთ, 58 კილო რომ გახდა ადამიანი, უნდა რომ მოკვდეს? მაშინ ვთქვათ, რომ თვითმკვლელია და იკლავს თავს. წნევა, სიცხე - არის ხოლმე, წნევა დახტის, ჩვეულებრივი მდგომარეობა გრძელდება," - განაცხადა სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ.
რაც შეეხება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ კლინიკა "ვივამედის" მედიკოსების განცხადება პოლიტიკური შინაარსის მატარებელია და მიხეილ სააკაშვილთან აუცილებელი და მნიშვნელოვანია პოლონელი ექიმების დაშვება.
""ვივამედის" მედიკოსების განცხადება არის პოლიტიკური შინაარსის. საჭირო და აუცილებელია ევროკავშირის მისიის დაშვება, დაკომპლექტებული პოლონელი ექიმებით, რომლებიც უმკურნალებენ მიხეილ სააკაშვილს და მნიშვნელოვანია მისი ჰუმანიტარული მიზნით გადაყვანა," - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ავტორი: ანა ბუავა