დიმიტრი ჩიქოვანის ადვოკატს 3 უწყებაში სარჩელი შეაქვს. ბინის მფლობელობის დარღვევა და ცრუ დასმენა - ეს ის პრეტენზიებია, რომლებიც "პოსტივის" ჟურნალისტის მიმართ მოსარჩელე მხარეს ექნება.
მათი განცხადება შევა გენერალურ პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. კომენტარი მედიასთან კეზერაშვილის ცოლის ძმამაც გააკეთა და თქვა, რომ მისი უფლებები დაირღვა და 24 მარტის ღამეს თათია სამხარაძეზე ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
"ჩემს სახლში 24-25 მარტს მომხდარ პროვოკაციულ ინციდენტთან დაკავშირებით აუცილებლად მექნებოდა სამართლებრივი რეაგირება. მე გავიარე კონსულტაციების ჩემ ადვოკატებთან და შევიტანთ სარჩელს გენერალურ პროკურატურაში შინაგან სამინისტროში პოს ტვ-ის წინააღმდეგ." - აცხადებს დიმიტრი ჩიქოვანი.
განცხადება გააკეთა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ, რომელიც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებას სთხოვს.
"ეს იყო ბინის მფლობელობის დარღვევის მცდელობა უკანონოდ და ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენ ვნახეთ ცრუ დასმენა, როდესაც დიმა ჩიქოვანს ცილი დასწამეს უმძიმესი დანაშაულის ჩადენაში, თითქოს მან ადამიანი გაიტაცა და შემდეგ ძალადობდა მასზე. დაირღვა არსებითად დიმა ჩიქოვანის უფლებები და ჩვენ ვითხოვთ ცრუ დასმენასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებას, ვითხოვთ პროკურატურის რეაგირებას," - აცხადებს ბექა ბასილაია.