პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე ხულოში გამართულ პარტიულ კონფერენციას დაესწრო.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა პარტიული ორგანიზაციის წევრებს, მხარდამჭერებს, როგორც პარტიული საქმიანობისთვის, ასევე ქვეყანაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან პროცესში ჩართულობისთვის.
"პირველ რიგში, მინდა, მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ თქვენი ძალისხმევით, შრომით, მხარდაჭერით აძლიერებთ ქვეყანას. ასევე, მადლობას გიხდით, რომ სიმშვიდით, ღირსებით უძლებთ იმ ზეწოლას, შეურაცხყოფას, რასაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათ მიერ მართული ჯგუფები გაყენებენ. რასაკვირველია, ჩვენ, მმართველ პარტიას გვაქვს ბევრად დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ვალდებული ვართ, თავიდან ავიცილოთ არეულობა და პოლარიზაცია, რაც შედის ოპოზიციის გეგმებში.
ის გამოწვევები, რაც დღეს ქვეყნის წინაშე დგას, სწორედ თქვენთან ერთად, მოსახლეობის ერთიანობით და მხარდაჭერით უნდა დავძლიოთ. დღეს საქართველოს სჭირდება განვითარება, სტაბილურობა, მშვიდობა და ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს ამისთვის. რაც არ უნდა ზეწოლა იყოს, არ დავუშვებთ არეულობას ქვეყანაში. ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა, ესაა ოკუპირებული ტერიტორიები. რასაკვირველია, უნდა აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ განვითარებით, ეკონომიკური ზრდით, ევროინტეგრაციის გზით", - განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრაზე.
დღესვე პარტიის გენერალური მდივანი, პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, შუახევისა და ქედის "ქართული ოცნების" ორგანიზაციების წევრებს შეხვდება.