პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მხარს უჭერს ყველა იმ ქალს, რომელიც გახდა შევიწროებისა და ძალადობის მსხვერპლი.
"მხარს ვუჭერ აბსოლუტურად ყველა ქალს, რომელიც არის რეალური მსხვერპლი და განიცდის დევნას, შევიწროებას, ძალადობას. არ უნდა არსებობდეს ადამიანი, რომელიც სხვანაირად აზროვნებს. რაც შეეხება სასამართლოს გარეშე ადამიანის გასამართლების თქვენეულ მცდელობას, მე ამას უბრალოდ არ ვეთანხმები," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ შალვა რამიშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ჩანაწერები უსიამოვნო მოსასმენი იყო, თუმა ყველაფერი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.
"გუშინ გაირკვა, რომ შალვა რამიშვილს წაგებული აქვს სამოქალაქო სასამართლო არახელსაყრელი პირობების შექმნისათვის და დაკისრებული აქვს 2000 ლარის გადახდა, რომელიც მას გადახდილი ჰქონია. მართალი გითხრათ, გუშინდელ დღემდე მეც მეგონა, რომ თურმე სისხლის სამართლის წესით იყო დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება იმას, რაც ჩანაწერებში მოვისმინეთ - მართლაც უსიამოვნო მოსასმენი იყო, მაგრამ შესაბამის კვალიფიკაციაზე - ეს სამოქალაქოა, ადმინისტრაციულია თუ სისხლის სამართალია - ეს უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ და არა მე და თქვენ. ამაზრზენია, როდესაც ამას ის ადამიანები აპროტესტებენ, რომლებიც ქმნიდნენ სისტემას, რომელმაც, თავის მხრივ, სკამებსა და მაგიდებზე "გადასკოჩილი" ადამიანები გააუპატიურა," - განაცხადა მდინარაძემ.