ბრიუსელში იმართება საქართველო-ევროკავშირის კონსულტაციების პირველი რაუნდი გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით, რომელშიც საქართველოს დარგობრივი უწყებები იღებენ მონაწილეობას.
კონსულტაციებზე განიხილება გაფართოების პროცესში ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში ევროკავშირის ერთიან ბაზარზე საქართველოს მონაწილეობის თანდათანობით გაღრმავება: ევროკავშირთან ვაჭრობის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, სოციალური საკითხების, დასაქმების, სახელმწიფო შესყიდვების, ფინანსური მომსახურების, რეგიონული განვითარების, გარემოს დაცვის, კონკურენციისა სხვა მიმართულებებით. ეს პროცესი ეფუძნება საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებს და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესშიც მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.
აღნიშნულ ვიზიტში მონაწილეობას იღებენ საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან საქართველოს ეროვნული ბანკის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები.