12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობა და ამ პროცესში ოპოზიციის როლი - ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრების 2 დღიან ვიზიტსა და შეხვედრებს ქართველი პოლიტიკოსები აჯამებენ.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, გამართულ შეხვედრებზე ნათელი გახდა, რომ ევროპელი კანონმდებლები საქართველოში არსებულ რეალობას ადეკვატურად აღიქვამენ და მათ მიმდინარე პროცესებზე სრული ინფორმაცია აქვთ.
"ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესი კარგად მიმდინარეობს და ასეც გაგრძელდება.
"ინტენსიური თანამშრომლობა გვაქვს ევროპის საბჭოსთან. ასევე მივიღეთ რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით და ამ რეზოლუციაში ძალიან ცხადად არის აღწერილი ის დიდი პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს ადამიანის უფლებების კანონის უზენაესობის და დემოკრატიის თვალსაზრისით, თუმცა ასევე არსებობს რეკომენდაციები. ამ საკითხებზე ვისაუბრეთ, ასევე ყოველდღიური დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებზე და მათ შორის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. მომავალშიც გავაგრძელებთ ინტენსიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩიქოვანმა.