მარტის აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დაკავება პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა - სოციალურ ქსელში გავრცელდა დაკავებულის მამის და გიორგი ვაშაძის ფოტო. გავრცელებული ინფორმაციით, ის ხოშტარია-ჯაფარიძე-ვაშაძის გაერთიანების აქტიური მხარდამჭერია და თავად გრიგორიადისიც ოპოზიციის აქტივისტია.
ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ ოპოზიციურ პარტიებში.
"წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის. პროპაგანდა მგონია ხელისუფლების ოპოზიციისკენ გადმოიტანოს ისრები, რომ ვიღაცას არეულობა და ქაოსი უნდოდა. მე არ გამოვრიცხავ ვიღაც შეიძლება ყოფილიყო სხვა მიზნით, თუნდაც პროვოკატორი, მაგრამ ჩვენ პარტიები არაფერ შუაში არ ვართ. ჩვენ არეულობის და ქაოსის დღის წესრიგი არ გვქონია, ჩვენ გვქონდა მშვიდობიანი პროტესტის დღის წესრიგი.
"სტრატეგია აღმაშენებელს" დაუჭირა მხარი 70 000-მა ადამიანმა, სახეზე არ ვიცნობ და არ ვიცი ვინაა ეს ადამიანი," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ.
მმართველ გუნდში კი ოპონენტების რადიკალურ გეგმებზე საუბრობენ. ირაკლი კობახიძის თქმით, გუშინ დაკავებული პირი დაკავშირებულია გიორგი ვაშაძესთან, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან.
"არავის უნდა შერჩეს უმძიმესი თავდასხმები, რომლებიც ვიხილეთ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების წინააღმდეგ. ეს იყო "მოლოტოვის კოქტეილების" სროლა, ქვების დაშენა. ეს არის კონკრეტული უმძიმესი დანაშაულები და ასეთი დანაშაულებისთვის შესაბამისმა პირებმა, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგონ. ეს არის სამართალდამცავი უწყებების საქმე და იმედია, ამასთან დაკავშირებით გაგრძელდება გამოძიება.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ პირს, ჩანს, რომ მას ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული და ასეთი ადამიანები ძალადობდნენ პოლიციელების წინააღმდეგ. ამას სჭირდება სათანადო შეფასება. თავისთავად ის, რომ ეს პირი, გზას აცდენილი ახალგაზრდა კაცი, არის დაკავშირებული ბოლშევიკურ "ტროიკასთან" – ეს არის ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას ერთობა – ესეც მიუთითებს, რომ ამ პირს ამოძრავებდა კონკრეტული სუბიექტური ინტერესი. როგორც მოგეხსენებათ, ეს ბოლშევიკური "ტრიოკა" არის უცხოური აგენტების ერთობლიობა და ეს პირი მოქმედებდა კონკრეტული ინტერესით, რომ მათი დაფინანსება არ ყოფილიყო გამჭვირვალე. აქედან გამომდინარე, ასეთი ორიენტაციაარეული ადამიანების ქმედებები უნდა იყოს სათანადოდ შეფასებული, როგორც სამართლებრივად, ასევე საზოგადოების მიერ," – აღნიშნა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.