პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანგარიში წარადგინა - ვლადიმერ კონსტანტინიდმა ქართულ დიასპორასთან მიმართებით გაწეული საქმიანობა შეაჯამა.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დიასპორული ორგანიზაციების, საკვირაო სკოლების და კულტურული კერების მხარდაჭერის მიზნით შესრულებული პროგრამების მნიშვნელობას. ანგარიშის მოსმენისას საუბარი დიასპორის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებსაც შეეხო.
კომიტეტმა და საგარეო უწყებამ ერთობლივად იმსჯელეს სახელმწიფოსა და დიასპორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გზებზე, დიასპორასთან მიმართებით დასახული პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად საჭირო მექანიზმებზე, საქართველოს პარლამენტსა და საგარეო უწყებას შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე, დიასპორასთან მიმართებით არსებული სიძნელეებისა და თანამედროვე გამოწვევების დასაძლევად.