საპარლამენტო დელეგაცია ვიყავით ბუჩაში. მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს ამ თარიღის შეხსენებისა და წუთიერი დუმილისთვის. ოპოზიციურმა ფლანგმა მაშინ შევძელით და დავარწმუნეთ უმრავლესობა, რომლის გზავნილები სწორედ მაშინ გახდა ძალიან ბუნდოვანი, როცა ომი დაიწყო, მაგრამ დავარწმუნეთ, რომ ვიზიტი ყოფილიყო მრავალპარტიული, – განაცხადა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც პარლამენტის წევრებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუსმინეს.
სამნიძის თქმით, აღნიშნული ვიზიტის შედეგები იყო მოკლევადიანი ურთიერთობის დასალაგებლად.
„ძალიან მალე ფერიცვალება, რომელიც ქალბატონმა პრეზიდენტმა ახსენა, უკვე თვალნათელი გახდა, როცა ყველა გზავნილი იყო მკაფიოდ ანტიდასავლური და უამრავი შეკითხვა გაჩნდა ჩვენი პარტნიორებისთვის, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში, თუ რა ხდება საქართველოში.
პრეზიდენტი იყო ერთადერთი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც გვიცავდა და იცავდა თითოეული ჩვენი მოქალაქის არჩევანს, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის ევროპაში და ამ არჩევანის წინააღმდეგ წასულ ნებისმიერ ხელისუფლებას დაუპირისპირდება ჩვენი საზოგადოება. ევროპული სტატუსი არის ამ ქვეყნის არჩევანი და ეკუთვნის ამ ქვეყანას დ ეს არ არის მხარდაჭერა რომელიმე ხელისუფლებისთვის", – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.