პატიმარ სააკაშვილზე "ვივამედში" არის აბსოლუტური ზრუნვა მიუხედავად იმისა, რომ ის უმძიმეს დანაშაულებშია მხილებული, ამ ფონზე, პატიმარი ახორციელებს თვითდაზიანებას იმის იმედით, რომ ეს გახდება მისი გათავისუფლების საფუძველი, – ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს როგორი დამოკიდებულებაც ჰქონდა ადამიანების მიმართ პრეზიდენტობის დროს, იგივე დამოკიდებულება აქვს კლინიკის მედპერსონალის მიმართ ახლა, როცა პატიმარია.
"წარმოუდგენელი რამ ხდება "ვივამედში". არის აბსოლუტური ზრუნვა პატიმარ სააკაშვილზე მიუხედავად იმისა, რომ ის არის უმძიმეს დანაშაულებში მხილებული. ამ ფონზე პატიმარი ახორციელებს თვითდაზიანებას იმის იმედით, რომ ეს თვითდაზიანება გახდება მისი გათავისუფლების საფუძველი. ასევე, გამაოგნებელია, რომ მისი ოჯახია ჩართული მის თვითდაზიანებაში. შეგნებულად შეაქვთ დაბალი კალორაჟის საკვები. კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ ჩვენი მოწოდება სააკაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ, რომ შეუტანონ სათანადო კალორაჟის საკვები და პატიმარმა სათანადო კალორაჟის საკვები მიიღოს. ასეთ დროს, როდესაც თვითდაზიანება ხორციელდება, ესეც არის ერთგვარი წნეხი მედპერსონალზე. ნახეთ კადრებში, როგორია მედპერსონალის დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ და როგორია სააკაშვილის დამოკიდებულება მედპერსონალის მიმართ. ეს არის ღირსებასმოკლებული დამოკიდებულება, როგორი დამოკიდებულებაც ჰქონდა სააკაშვილს ადამიანების მიმართ პრეზიდენტობის დროს, ზუსტად იგივე დამოკიდებულება აქვს მედპერსონალის მიმართ ახლა, როცა არის პატიმარი. ეს არის კატასტროფა. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, თუ ვინ არის მიხეილ სააკაშვილი და აქედან გამომდინარე, შეფასება საზოგადოებამ უნდა გააკეთოს," – განაცხადა ირაკლი კობახიძე.
რაც შეეხება საკითხს, რატომ არ შეაქვთ სტრასტბურგის სასამართლოში სარჩელი მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველებს, კობახიძემ განაცხადა, რომ წაგების შიშით ისინი ამ დრომდე სტრასბურგში ვერ მიდიან.
"როგორც ვერ ბედავენ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას, ისევე ვერ ბედავენ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანას. მიზეზი მარტივია, იციან, რომ წააგებენ. მათ სარჩელს პერსპექტივა ვერ ექნება და წაგების შიშით ისინი ამ დრომდე სტრასბურგში ვერ მიდიან. ეს არის რეალობა რაც საზოგადოებამ ნახა," – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.