15 ნოემბერი 2024,   02:49
ვრცლად
დღეს თქვენ გააღრმავეთ და სტარტი მიეცით პოლარიზაციის ახალ ტალღას - მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილს

ქალბატონო სალომე, თქვენ სამწუხაროდ, დაკვეთა არ შეასრულეთ ქართული საზოგადოების და არ ხართ ობიექტური. "ნაცმოძრაობის" ნარატივის გაძლიერება არ არის ობიექტურობა, ეს არის უკიდურესი ტენდენციურობა და პოლარიზაციის გამაღრმავებელი- ასე შეაფასა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პარლამენტში. 

როგორც მამუკა მდინარაძე აცხადებს, პრეზიდენტის გამოსვლა იყო  უკიდურესად ტენდენციური. 

"სამწუხაროდ, მოვისმინეთ უკიდურესად ტენდენციური გამოსვლა, წინა დღეებშიც ამის მოლოდინი დავაფიქსირეთ. ოღონდ ამას თავისი კონკრეტული მიზნები გააჩნდა. 2011 წლიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც ქართული ოცნება არ იყო ხელისუფლებაში, დაიგეგმა სპეცოპერაცია ქართული ოცნების პიარული გარუსების შესახებ. ამ სპეცოპერაციის მსხვერპლი ქალბატონი სალომეც გახლდათ, 2018 წელს, თუმცა შეიძლება მისი მხრიდან ამის ხელშეწყობაც იყო, მაგრამ იყო ეს ნარატივი სამწუხაროდ, პრეზიდენტობის კანდიდატზეც გატარებული.

ეს გრძელდება დღესაც, მაგრამ სამწუხაროა იმდენად  რამდენადაც თავად პრეზიდენტმა ერთ-ერთ მიზნად, როგორც ჩანს დაისახა, რომ ამ ნარატივს თავად შეუწყოს ხელი. 2008 წელთან დაკავშირებითაც იგივე პოზიცია გაქვთ დღესაც?! თქვენ ბრძანებდით 2018-ში, რომ მძინარე ცხინვალი დაბომბა სააკაშვილმა და მან დაიწყო ომი- აქაც თუ შეგიძლიათ კონსპირაციის კონტექსტში რაიმე გვითხრათ?! დღეს თქვენ გააღრმავეთ და სტარტი მიეცით პოლარიზაციის ახალ ტალღას. რაც ყველაზე სამწუხაროა, ვინც თქვენ ხმა მოგცათ იმის პოზიციებს ეწინააღმდეგება თქვენი დღევანდელი პოზიცია და ეთანხმება მათ პოზიციებს, ვინც თქვენ მოღალატეს გეძახდათ, აგერ, რამდენიმე წლის წინ. 

ქალბატონო სალომე, თქვენ სამწუხაროდ, თქვენს მიერ დაკვეთა არ შეასრულეთ ქართული საზოგადოების და არ ხართ ობიექტური. "ნაცმოძრაობის" ნარატივის გაძლიერება არ არის ობიექტურობა, ეს არის უკიდურესი ტენდენციურობა და პოლარიზაციის გამაღრმავებელი, მაგრამ საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პირველი, ჩვენი ქვეყანა ფიზიკურად გადარჩეს და მეორე, ღირსებით, ეროვნული იდენტობის შენარჩუნებით, ეროვნული თავმოყვარეობის შენარჩუნებით გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი,"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები