15 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
ლაზარე გრიგორიადისის საქმის პროკურორი - ძალიან მაღალი სტანდარტითაა მტკიცებულებები წარმოდგენილი

თითოეული დანაშაულის ჩადენის ეპიზოდში ბრალდებული პირბადით იყო და მას მოლოდინი ჰქონდა იმის, რომ სამართალდამცავები ვერ შეძლებდნენ გარკვეულწილად მის იდენტიფიცირებას, - ამის შესახებ პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ბრალდებულის ვინაობის დადგენა გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად გახდა შესაძლებელი.

"სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა, ვინაიდან სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მტკიცებულებითი სტანდარტი, ასევე, სახეზე იყო ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე. აღნიშნული საფრთხეები სასამართლომ გაითვალისწინა და აღკვეთის ღონისძიებად შეუფარდა პატიმრობა.

ბრალდების მხარემ ხაზი გაუსვა, რომ ბრალდებული ადასტურებდა ფაქტს, რაც შეეხებოდა "მოლოტოვის" კოქტეილის სროლას პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ, ასევე, პოლიციის ავტომობილზე ცეცხლის წაკიდების ფაქტს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა გამოიყენა დუმილის უფლება, რაც ახსნა იმით, რომ სურდა ადვოკატებთან კიდევ ერთი სამართლებრივი კონსულტაცია, რაც მისი კანონით გათვალისწინებული უფლებაა.

დაცვის მხარე მათ შორის აპელირებდა იმაზე, რომ ბრალდებულს მიმალვა არ უცდია, თუმცა, თითოეული დანაშაულის ჩადენის ეპიზოდში ბრალდებული სწორედ, პირბადით იყო და მას მოლოდინი ჰქონდა იმის, რომ სამართალდამცავები ვერ შეძლებდნენ გარკვეულწილად მის იდენტიფიცირებას. სწორედ გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად გახდა შესაძლებელი მისი ვინაობის დადგენა. საქმეში არის მოწმეთა ჩვენებები, ასევე, არის მისი ამოცნობის ოქმები, არის ვიდეო ჩანაწერები და მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ვიდეოჩანაწერებია დათვალიერებული, მათ შორის საქმეზე წარმოდგენილია ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა. ძალიან მაღალი სტანდარტით არის საქმეზე მტკიცებულებები წარმოდგენილი, რომელიც ბრალდებულის მიერ პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და ასევე ნივთის დაზიანებაა ცეცხლის წაკიდებით ადასტურებს",- განაცხადა იაკობიძემ.

დღის ამბები