ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად, შესაძლოა ქვეყნის ექსპრეზიდენტი დააკავონ. ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს სისხლის სამართლის საქმეზე ბრალს წაუყენებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკის 45-ე პრეზიდენტი სასამართლოს წინაშე, სავარაუდოდ, მომავალ კვირას წარდგება. ტრამპი, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს, მის წინააღმდეგ საქმის აღძვრას პოლიტიკურ დევნას უწოდებს.
საბრალდებო დასკვნა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. საქმე პორნო-მსახიობ სტორმი დენიელსს ეხება. პორნოვარსკვლავი ამტკიცებს, რომ მას დონალდ ტრამპთან ინტიმური ურთიერთობა მაშინ ჰქონდა, როცა პრეზიდენტი ქორწინებაში იმყოფებოდა. ტრამპის ადვოკატმა მაიკლ კოენმა დენიელსს გაჩუმების სანაცვლოდ 130 000 დოლარი გადაუხადა. გამოცემებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს სოლიდური თანხა ამერიკის პრეზიდენტის ბიუჯეტიდან გავიდა და დოკუმენტებში ადვოკატის მომსახურების ხარჯებად გაფორმდა.
პროკურორებმა ტრამპს ბრალი შესაძლოა ორი სხვადასხვა მუხლით წაუყენონ. ერთი, ბიზნეს დოკუმენტების გაყალბებაში და მეორე, საარჩევნო კანონის დარღვევაში.
რესპუბლიკურ პარტიაში ექსპრეზიდენტის მიმართ მხარდამჭერი განცხადებები კეთდება. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ტრამპის მიმართ ბრალის წაყენება პოლიტიკური დევნაა.
ბრალდებები წაყენებულია არა ფედერალური, არამედ ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის მიერ. დემოკრატი პროკურორი ახლა ტრამპის საქმეში საკვანძო ფიგურაა. სწორედ ამიტომ, ექსპრეზიდენტისთვის ბრალის წაყენებამ ბევრი შეკითხვა გააჩინა, მათ შორის, გადაწყვეტილება პოლიტიკურია თუ სამართლებრივი?
ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის შესაძლო დაკავების საკითხზე საზოგადოებაში აზრი ორად იყოფა, თუმცა ამერიკელი ხალხიც და ანალიტიკოსებიც ახლა ფიქრობენ, რომ შეერთებული შტატების სასამართლო სისტემა, ისევე როგორც დემოკრატია, გამოცდას გადის.
პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც 2 იმპიჩმენტს გადაურჩა, დანებებას არც ახლა აპირებს. მეტიც, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ შესაძლოა ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებამ შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტს საპრეზიდენტო კამპანიაში ამომრჩეველთა უფრო მეტი ხმა მოუტანოს. აშშ-ში სისხლის სამართლის საქმეზე ასეთი დევნის პრეცედენტი არ არსებობს. წარსულში კი პოლიტიკოსებისთვის მსგავსი სახის ფინანსური მაქინაციების გამო სასჯელის დაკისრების მცდელობები წარუმატებლად დასრულდა.