7-9 მარტის აქციების დროს, ძალადობრივი ქმედებების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობის შეეფარდა. ოპოზიციის ნაწილი სასამართლო გადაწყვეტილებას პოლიტიკას უკავშირებს და აცხადებენ, რომ გრიგორიადისი უნდა გათავისუფლდეს.
პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისი ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს.
"ბუნებრივია ხელისუფლების გადაწყვეტილებას უნდობლობას ვუცხადებთ, მითუფრო, როდესაც ხელისუფლება რევანშის რეჟიმზე გადადის. პოლიტიკური პატიმარი იქნება, რა თქმა უნდა, თუ ხელისუფლება არ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, რომელიც ლაზარეს გათავისუფლებას გულისხმობს," - აცხადებს ბეჟაშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ჰერმან საბო აცხადებს, რომ აქცია მშვიდობიანი იყო და აგრესიული ქმედებები დადგმულ პროვოკაციას ჰგავს.
"იქიდან გამომდინარე, რომ ის აქცია იყო მშვიდობიანი 90-95% -ი აქციის ნამდვილად იყო მშვიდობიანი, იქ ხალხი იყო ბავშვებით მოსული. ასეთ პროვოკაციას, როდესაც სიკვდილისთვის იმეტებ ადამიანს, მეორე მხარეს თუნდაც პოლიციელი იდგეს (მაშინ როდესაც იქიდან არაფერი უსვრიათ ჯერ შენთვის სასიკვდილო) მე ეს უფრო დადგმული პროვოკაცია მგონია, რომ შემდეგ ამ აქციის დარბევა რაღაცნაირად გამართლდეს,"- აცხადებს ჰერმან საბო.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ 7-9 მარტის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ასევე, ბრალდებულმა განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა.