უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთ წელზე მეტი გავიდა - ზუსტად 13 თვეა, რუსეთი ამ ქვეყანას თავს ესხმის. დასავლეთი სამხედრო ტექნიკით ეხმარება ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოს. ამ ფონზე კი რუსეთი ისევ იმუქრება - პუტინი მზადაა მეზობელი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღი განათავსოს. უკრაინა და დასავლელი მოკავშირეები არ გამორიცხავენ, რომ პუტინმა მართლაც გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი. მიზეზი კი ფრონტის ხაზზე რუსი სამხედროების წარუმატებლობაა.
ისევ აქტუალური გახდა კითხვა - რამდენად რეალურია ბირთვული საფრთხე, ვის როგორი ბირთვული არსენალი აქვს და საერთოდ, რა არის ბირთვული იარაღი?
არსებობს ტაქტიკური და სტრატეგიული ბირთვული შეიარაღება. მათ შორის განსხვავება დიდია. ტაქტიკური ბირთვული იარაღი შექმნილია ქვეითი ჯარის ან ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ გამოსაყენებლად. ის უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე სტრატეგიული ბირთვული იარაღი.
სტრატეგიული ატომური იარაღი გათვლილია დიდი რაოდენობის მოსახლეობის ან მტრის მნიშვნელოვანი ობიექტების გასანადგურებლად. ტაქტიკური ბირთვული იარაღის აფეთქების სიმძლავრე 1-დან 50 კილოტონამდე მერყეობს. ეს სტრატეგიული ბირთვული იარაღის შესაძლებლობაზე ბევრად ნაკლებია. მისი სიმძლავრე 100 კილოტონიდან 1 მეგატონამდეა. შედარებისთვის, ბომბი, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იაპონიაში ჩამოაგდო 13-15 კილოტონის სიმძლავრის იყო.
ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიწოდების სისტემებს შედარებით მოკლე მანძილზე შეუძლია მოქმედება. ეს არის დაახლოებით 500 კილომეტრი. თუმცა, ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთს თავისუფლად შეუძლია მისი გამოყენება. რაც შეეხება სტრატეგიულ ბირთვულ იარაღს, ის როგორც წესი შექმნილია კონტინენტების გადაკვეთისთვის.
ტაქტიკურ ბირთვულ ქობინს სხვადასხვა ტიპის რაკეტაზე ათავსებენ, რომლებიც გამოიყენება ჩვეულებრივი ასაფეთქებელი ნივთიერებების მიწოდებისთვის, მაგალითად როგორიცაა ფრთოსანი რაკეტები და საარტილერიო ჭურვები. მათი გასროლა ასევე შესაძლებელია თვითმფრინავებიდან და გემებიდან.
ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელ ქვეყანას რა რაოდენობის ბირთვული იარაღი აქვს, არ არსებობს. თუმცა არსებობს სხვადასხვა ქვეყნის დაზვერვის მიახლოებითი მონაცემები.
მაგალითად, ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის ინფორმაციით - რუსეთს აქვს ბირთვული იარაღის დაახლოებით 5977 ქობინი; 5428 ამერიკის შეერთებულ შტატებშია, 290 საფრანგეთში, 225 კი დიდ ბრიტანეთში.
ჩინეთს აქვს 350 ბირთვული ქობინი, პაკისტანს 165, ინდოეთს - 160, ისრაელს - 90, ხოლო ჩრდილოეთ კორეას დაახლოებით 20.
ამ მონაცემებით, ყველაზე მეტი ბირთვული იარაღი აქვს რუსეთს, ყველაზე ნაკლები - ჩრდილოეთ კორეას.
1 ივლისი ის თარიღია, როდესაც ბელარუსში ბირთვული იარაღის საცავის მშენებლობა უნდა დასრულდეს. პუტინის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მინსკის მოქმედებას დასავლეთი განსაკუთრებულად აკვირდება, ბელარუსის მიმართ ინტერესი ახლა ძალიან მაღალია.
NATO-მ რუსეთის გადაწყვეტილებას სახიფათო და უპასუხისმგებლო უკვე უწოდა, უკრაინამ კი მოითხოვა, გაერომ უსაფრთხოების საბჭო მოიწვიოს.
ავტორები: ავთო გვასალია, სანდრო კაჭახიძე