15 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
როდის აღდგება ტრანსპორტის მოძრაობა რიკოთის მონაკვეთზე - ინფრასტრუქტურის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

მეწყრული პროცესების გამო რიკოთის მონაკვეთზე უკვე 5 დღეა მოძრაობა აკრძალულია. მეწყრული უბნის შესასწავლად მოწვეულები არიან საერთაშორისო ექსპერტები. მიმდინარეობს ფერდის კომპლექსური შესწავლა, რომლის დასრულების შედეგად, შესაძლებელი იქნება მოძრაობის აღდგენა. განცხადება დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტმა გააკეთა.

"30 მარტს რიკოთის მონაკვეთზე შევწყვიტეთ მოძრაობა და გადავრთეთ გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე, აღნიშნული გარემოება გამოწვეული იყო უკიდურესი აუცილებლობიდან, ვინაიდან თოვლის დნობის შედეგად, გზასთან სიახლოვეს, დაახლოებით 200 მეტრში, განვითარდა მეწყრული პროცესები. შესაბამისი დაკვირვების შედეგად, გამოვლინდა ბზარების ზრდის და აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყრული პროცესების განვითარების და ჩამოსვლის ტენდენცია. ამიტომ, სპეციალისტების დაკვირვების შემდეგ და მათი რეკომენდაციით, მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვეზღუდა რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამ ეტაპზე რიკოთის 149-ე კმ-ზე გზის გაფართოების სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს შესაბამისი გეოლოგიური კვლევებისათვის გზის მიყვანის სამუშაოები, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს გეოლოგიური, გეოფიზიკური კვლევები საერთაშორისო და ადგილობრივი სპეციალისტების მიერ. კვირის ბოლოსათვის უკვე ცნობილი იქნება პირველადი, წინასწარი შედეგები, რომელიც მოგვცემს საშუალებას ვიმსჯელოთ როგორც საფრთხეების დონეზე, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობაზე.

რაც შეეხება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის 109 კმ-იან მონაკვეთს, რომელზეც ამჟამად გადართულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ამ ეტაპზე 109 კმ-იანი გზის მხოლოდ და მხოლოდ 6 კმ-ზე მიმდინარეობს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები. კონკრეტულად, ტარდება ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზის საფარის და დამეწყრილი ადგილების რეაბილიტაცია, რაც ხელს უშლის მოძრაობას და შეფერხებით ხდება გადაადგილება მხოლოდ და მხოლოდ ამ 6 კმ-იან მონაკვეთზე. ამ დისკომფორტისთვის, საავტომობილო გზების დეპარტამენტი კიდევ ერთხელ უხდის ბოდიშს მოსახლეობას, მგზავრებს, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რიკოთის მონაკვეთზე რაც შეიძლება დროულად აღდგეს მოძრაობა და ჩვენი თანამოქალაქეებისთვის უზრუნველვყოთ უსაფრთხო გადაადგილება," - აცხადებენ უწყებაში.

დღის ამბები