"ამბასადორში" ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულ ანზორ ლომიძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელიც მომხდართან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, დუმილის უფლებას იყენებს.
მან პროცესზე, მოსამართლის კითხვის საპასუხოდ თქვა მხოლოდ ის, რომ დაამთავრა მხოლოდ სკოლა, წარსულში ცხოვრობდა თემქაზე, თუმცა ახლა საცხოვრებელი არ აქვს.
"ოქმში რასაც სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება, ეს გახლავთ დანაშაულის ჩადენისთანავე იქნა დაკავებული, როგორ შეიძლება ოქმის ერთი ნაწილი გაითვალისწინო და მეორე ნაწილი არ გაითვალისწინო. საქმე ექსპერტიზაზეა გაგზავნილი, მაღალი ალბათობით ამ საქმეს ორი განშტოება ექნება. ერთი ზუსტად იქნება შეწყვეტის კუთხით და მეორე იქნება დადასტურდება თუ არა დანაშაული. მხოლოდ გარეშე პირთა განცხადება არ ნიშნავს იმას, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული", - განაცხადა ადვოკატმა პაატა გოგოლაძემ.
ბრალდების მხარის განცხადებით, სასამართლომ მათ მიერ წარდგენილი შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
"ბრალდების მხარემ მიმართლა სასამართლოს შუამდგომლობით, პატიმრობის გამოყენებაზე კონკრეტული საფუძვლების გამო, სასამართლომ გაითვალისწინა და გაიზიარა ის არგუმენტები, რომელიც გააჩნდა ბრალდების მხარეს ამ მიმართულებით და სწორედაც, რომ აღნიშნულზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება და ბრალდებულის მიმართ პატიმრობა იქნა გამოყენებული", - განაცხადა პროკურორმა.