პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არაფერი იქნება, თუ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა არ იქნება.
"ტურიზმი, ვაჭრობა, მშენებლობა, წარმოება, ექსპორტი, ყველა მიმართულებით გვაქვს სერიოზული პროგრესი და მინდა რამდენიმე სიტყვით შევეხო ამ ყველაფრის შენარჩუნებისთვის რა არის საჭირო და აუცილებელი. არაფერი იქნება, თუ არ გვექნება ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა. დასაწყისში უკვე აღვნიშნე, რომ ძალიან რთული მდგომარეობაა მსოფლიოში. ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ასეთი გამოწვევა არ ყოფილა უკრაინაში რაც ხდება, ხედავთ, რომ ომი არ ჩერდება უბრალოდ და უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი, 20%-ზე მეტი უკვე გადაქცეულია პოლიგონად და მიმდინარეობს გამანადგურებელი ომი. ქალაქები, სოფლები, რაიონები სწორდება მიწასთან და ამის შემჩერებელი არავინაა. ამიტომ ის გეგმა, რაც არსებობდა ჩვენს წინააღმდეგ, უკრაინიზაციის გეგმა და მეორე პოლიგონად გადაქცევის გეგმა ჩვენს მტრებს რა თქმა უნდა, ჩაუვარდათ კიდევ ერთხელ, - განაცხადა ღარიბაშბვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, პოლიციისთვის "მოლოტოვის კოქტეილების" სროლა არის მიუღებელი, რაზეც სახელმწიფო იქნება უკომპრომისო.
"რამდენიმე დღის წინ პოლიციამ დააკავა პოლიციაზე თავდამსხმელი და გახსოვთ, ყველამ ნახა კადრები, ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას "მოლოტოვის კოქტეილი". ანუ ამ ადამიანს განზრახული ქონდა პოლიციის ცოცხლად დაწვა. მე გამოვედი და ვთქვი ჩემი პოზიცია, რომ ამას არავის ვაპატიებთ, ესაა მიუღებელი, წითელი ხაზი, რომელზეც ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო. ასევე თქვენ ნახეთ, საზოგადოებამ ნახა, რომ გეგმა იყო გაცილებით უფრო რთული, მათი გეგმა იყო მუდმივი ქაოსის დათესვა, საბოლოო მიზანი მათი რა თქმა უნდა იყო ქვეყნის დესტაბილიზაცია, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, რაც რა თქმა უნდა, არავის გამოუვიდა და გამოუვა. რაც შეეხება ანარქისტებს და მათ ინსტრუქტორებს, მინდა შევახსენო ყველას, რომ ეს ადამიანები იყვნენ მომზადებულები იმისთვის, რომ მომხდარიყო პროვოკაციები, პოლიციაზე თავდასხმები და ეს ყველაფერი არის თვალსაჩინო. ხალხმა ნახა კიდევ ერთხელ, რომ ამის მიზანი გაცილებით უფრო შორს მიმავალი იყო, მაგრამ მადლობა კიდევ ერთხელ პოლიციას, სახელმწიფო დადგა ძალიან მტკიცედ, გამოაჩინა სიძლიერეც და გონიერებაც," - განაცხადა პრემიერმა.