ფინეთი ნატოს წევრი ქვეყანა ოფიციალურად ხვალიდან გახდება. ამის შესახებ, ნატოს გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა იმის გამო, რომ მის მეზობლად "ნაკლები ნატო ყოფილიყო ,თუმცა სანაცვლოდ მან მეტი ნატო მიიღო". გენერალური მდივანი მიესალმება ფინეთის ალიანსში გაწევრიანებას და იმედს გამოთქვამს, რომ მალე შვედეთიც ბედს გაიზიარებს.
სტოლტენბერგი მოუწოდებს სახელმწიფოებს, გააძლიერონ უკრაინის მხარდაჭერა.
"ეს ისტორიული კვირაა. ხვალ მივესალმებით ფინეთს, როგორც ნატოს 31-ე წევრს. ფინეთი გახდება უფრო უსაფრთხო და ჩვენი ალიანსი გაძლიერდება. ფინეთის დროშას აქ, ნატოს შტაბ-ბინაში პირველად ავწევთ. ეს კარგი დღე იქნება ფინეთის უსაფრთხოებისთვის, ნორდიკული უსაფრთხოებისთვის და მთლიანად ნატოსთვის. შედეგად შვედეთიც უფრო უსაფრთხო იქნება. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ჩვენი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან მომენტში ხვდებიან. ხვალ ჩვენ გავმართავთ ნატოს კომისიის შეხვედრას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასთან ერთად, რომელზეც განვიხილავთ რუსეთის ომის აგრესიას და ჩვენს მხარდაჭერას კიევისთვის.
ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ რუსეთმა გააგრძელოს ევროპული უსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლა. არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ პრეზიდენტი პუტინი ემზადება მშვიდობისთვის. ის უფრო მეტი ომისთვის ემზადება. სწორედ ამიტომ, ჩვენ გაერთიანებულნი ვართ ჩვენს გადაწყვეტილებაში, დავრჩეთ კურსზე და მხარი დავუჭიროთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება. მივესალმები, რომ უკრაინაში თანამედროვე საბრძოლო ტანკებისა და სხვა შეიარაღებული მანქანების ჩასვლა დაიწყო. ამან შეიძლება რეალური განსხვავება მოახდინოს ფრონტის ხაზზე და უკრაინის ძალებს მეტი ტერიტორიის გათავისუფლების საშუალება მისცეს", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.