საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი დილიდან პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა. "ქართული ოცნების" აზრით, "რადიკალური ოპოზიციის" გეგმაა, ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს ყოველივე დაბრალდეს ხელისუფლებას და, ამის ნიადაგზე, ქვეყანაში დაემხოს ხელისუფლება.
ოპოზიციის დიდი ნაწილი უარყოფს "ქართული ოცნების" ბრალდებებს. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ უმნიშვნელოვანესია, ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, იმის მიუხედავად, თუ ვინ არის ხელისუფლებაში.
"უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. საჯარო განცხადებების გარდა, მეც მაქვს სხვა ინფორმაცია, რომ არიან ჩემს კოლეგებში ისეთი ადამიანები, ვინც მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" პირობებში აზრი არ აქვს სტატუსს ან "ქართული ოცნება" ისარგებლებს, თუ ქვეყანამ სტატუსი მიიღო - მე ამას კატეგორიულად არ ვიზიარებ და არ ვიზიარებდი. ვერც "ქართული ოცნება" და ვერც ვერცერთი ხელისუფლება ვერ ისარგებლებს იმით, რაც ეკუთვნის ქვეყანას,"- აცხადებს ხათუნა სამნიძე.
პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ უმნიშვნელოვანესია ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში, რადგან ეს "ქართული ოცნებისთვის" იმოქმედებს, როგორც შემაკავებელი ფაქტორი.
"ვისაც ეს შეიძლება არ უნდოდეს, ის ან უბრალოდ ქვეყნის მტერია, ან უბრალოდ ვერ ერკვევა რა მნიშვნელობა აქვს კანდიდატის სტატუსს, მათ შორის, ამ ხელისუფლების პირობებში და, განსაკუთრებით, ამ ხელისუფლების პირობებში, იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის, რეალურად, შემაკავებელი ფაქტორი. კანდიდატის სტატუსის მიღება ნიშნავს, რომ ხელისუფლებას შეებოჭება ხელ-ფეხი, გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს,"- აცხადებს ბექა ლილუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან მსგავსი ბრალდებების საფუძველი ოპოზიციის წარმომადგენლების ფეისბუქ სტატუსები გახდა. "ევროპული საქართველოს" წევრმა, დავით დარჩიაშვილმა დაწერა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, მას კანდიდატის სტატუსის მიღება არ სურს. ამასთან, პარტია "დროას" წევრი წერს, რომ "ქართული ოცნება" ევროკავშირის სტატუსის მიღების შემთხვევაში ავტორიტარიზმს გაამყარებს.