საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარემ პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას მმართველ ძალას მიმართა, რომ ხელისუფლების მიერ ქვეყნისთვის გაკეთებულ კარგ საქმეებს, ისევ ხელისუფლება აყენებს ჩრდილში.
იაგო ხვიჩიამ მოიყვანა რამდენიმე მაგალითი, მათ შორის იყო, ევროპაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა, სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან თავის არიდების შესაძლებლობა და მიწის რეფორმა.
ამასთან, ხვიჩიამ "ქართული ოცნების" გუნდს თხოვნით მიმართა, რომ არ შეაჩერონ და განაგრძონ ე.წ. მიწის რეფორმა.
"სხვა ოპოზიცია ხომ არ ამბობს, რომ თქვენ ოდესმე კარგ საქმეებს აკეთებთ- მე ჩამოვთვლი სამ კარგ საქმეს, რომელიც თქვენ გაგიკეთებიათ და ასევე ასევე, გაჩვენებთ იმას, როგორ აფუჭებთ ამ თქვენ მიერ გაკეთებულ სამ კარგ საქმეს. დავიწყოთ ვიზალიბერალიზაციით ევროპასთან, რასაც თქვენ მიაღწიეთ - თქვენ კიდე რა ქენით, მხარი დაუჭირეთ პრორუსულ კანონს და რაღაცნაირად ეს თქვენს მიერ გაკეთებულ კარგ საქმეს ჩრდილს აყენებს. მეორე - თქვენ მიერ გაკეთებული კარგი საქმე იყო, ის, რომ თავის დროზე თქვენ თვითონ დაუშვით და გააჩინეთ საშუალება იმის, რომ ბიბლიური თავისუფლების მეშვეობით ადამიანებს სავალდებულო მონობისთვის თავი აერიდებინათ.
ფაქტობრივად, თქვენ ამით სავალდებულო ჯარი გააუქმეთ და ყველა ის დეზერტირი და ადამიანი, რომელსაც უბრალოდ ჯარში არ უნდა ყოფნა, მოაშორეთ ქართულ ჯარს და დღეს კენჭისყრა იქნება, რითაც ამ თქვენივე გაკეთებული კარგი საქმით გაუქმება გინდათ. საბოლოო ჯამში ჩემი გამოსვლა მესამე თქვენს მიერ გაკეთებულ კარგ საქმეს ეხება, ეს კარგი საქმე არის მიწის რეფორმა, რომელიც ახლაც, ამ წუთას მიმდინარეობს, მინდა დაბეჯითებით გთხოვოთ, რომ თქვენ ეს რეფორმაა გაგრძელოთ,"-აცხადებს იაგო ხვიჩია.