საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ოპოზიცია კი ყველაფერს იზამს საპირისპირო შედეგის მისაღებად. მისივე თქმით, ოპოზიცია ამ საკითხის გამოყენებას აპირებს ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად.
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს ქვეყანამ. რაც შეეხება ოპოზიციას, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მოხდეს საპირისპირო - ანუ, ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. უფრო მეტიც - ისინი ელოდებიან დეკემბერს, რომ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოიყენონ ქვეყანაში არეულობის შემოტანისთვის, ეს არის მათი მოლოდინი.
ჩვენ პროგნოზების გაკეთებას მოვერიდებით, არ ვიცით რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ეს რომ იყოს სამართლიანი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, უპირობოდ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ჩვენ უკვე გვაქვს ცუდი გამოცდილება შარშანდელი ივლისიდან, როცა ქვეყანას უსამართლოდ არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. იმედი გვაქვს, წელს დეკემბერში, გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი,"-აცხადებს ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან მსგავსი ბრალდებების საფუძველი ოპოზიციის წარმომადგენლების ფეისბუქ სტატუსები გახდა. "ევროპული საქართველოს" წევრმა, დავით დარჩიაშვილმა დაწერა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, მას კანდიდატის სტატუსის მიღება არ სურს. ამასთან, პარტია "დროას" წევრი წერს, რომ "ქართული ოცნება" ევროკავშირის სტატუსის მიღების შემთხვევაში ავტორიტარიზმს გაამყარებს.