15 ნოემბერი 2024,   06:22
ვრცლად
ფინეთის გაწევრიანება არის დიდი მიღწევა ნატოსთვის, თავად ფინეთისთვის და ნორდიკული ქვეყნებისთვის - იენს სტოლტენბერგი

2 საათზე ცოტა მეტი დრო რჩება იმ დრომდე, როდესაც 31-ე ქვეყანა ფინეთი, ოფიციალურად გახდება ნატოს წევრი და საზეიმოდ გაიმართება დროშის აღმართვის ცერემონიალი. ამის შემდეგაც ნატოს საგარეო მინისტერიალზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხდომას ფინეთი უკვე წევრის სტატუსით შეუერთდება.

ფინეთის და შვედეთის ალიანსში გაწევრიანება დღის წესრიგში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დადგა. დღეს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ თქვა, რომ პუტინმა საკუთარი მიზნების საპირისპიროდ, მის საზღვრებთან მეტი ნატო მიიღო.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ფინეთის გაწევრიანება ნატოსთვის დიდი მიღწევაა.

"დღეს ისტორიული დღეა. ფინეთის გაწევრიანება არის დიდი მიღწევა ნატოსთვის, თავად ფინეთისთვის და ნორდიკული ქვეყნებისთვის. ფინეთი ალიანსს ახალ ძლიერ შესაძლებლობებს მისცემს , გააუმჯობესებს ალიანსის თავდაცვის უნარს.

ფინეთს უკვე ნატოს მეხუთე მუხლი იცავს. შვედეთი რომელიც ჯერ არ არის წევრი, ალიანსთან ძალიან ახლოსაა.

ყველაფერს გავაკეთებთ რომ ფინეთის მსგავსად შვედეთიც შეუერთდეს ალიანსს. ჩვენ ვნახეთ არა მხოლოდ რუსული სამხედრო ძალების გაძლიერება, არამედ ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ რუსეთი და პრეზიდენტი პუტინი მზად არის გამოიყენოს სამხედრო ძალა მეზობლების წინააღმდეგ

საქართველო 2008 წელს, შემდეგ ყირიმი 2014 წელს, შემდეგ კი გასულ წელს უკრაინაში სრულფასოვანი შეჭრა.

სწორედ ამიტომ გავაძლიერეთ ნატო, ჩვენი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და ნატოს მოკავშირეები უფრო მეტ ინვესტიციებს დებენ ახალ თანამედროვე შესაძლებლობებში. და ფაქტობრივად, გასულ წელს უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილება ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ,"- აცხადებს სტოლტენბერგი.

ფინეთის თავდაცვის მინისტრი ანტი კაიკონენი აცხადებს, რომ ფინეთი ნატოს აქტიური წევრი იქნება.

"ჩვენი პირველი ნაბიჯია ნატოს სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ. რა სახის როლი გვექნება მომავალში ეს უკვე მომდევნო ნაბიჯი იქნება რასაც სამომავლოდ განვიხილავთ. ფინეთი ძალიან აქტიური წვერი იქნება ნატოში . ბუნებრივია რომ გვიხარია ალიანსში გაწევრიანება,"- აცხადებს კაიკონენი.

დღის ამბები