საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას არ სურს საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. მისი შეფასებით, მათი მხრიდან ეს არის საბოტაჟი საქართველოს ევროპული კურსის წინააღმდეგ.
"ოპოზიციის წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ, რომ მათ არ სურთ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ეს განცხადებები სწორედ იმას ადასტურებს, რასაც ჩვენ თვეების წინ ვამბობდით, რომ ეს ოპოზიცია ევროპაში დადიოდა და არწმუნებდა ჩვენს პარტნიორებს, რომ საქართველოსთვის არ მიეცათ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. დღეს, როცა ჩვენ პირდაპირ მოვისმინეთ განცხადებები "დროას" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მხრიდან, სადაც ისინი ამბობენ, რომ არ უნდათ კანდიდატის სტატუსის მიღება ახლა და ამ პირობებში, ეს პირდაპირ უნდა მივიჩნიოთ როგორც საბოტაჟი საქართველოს ევროპული კურსის წინააღმდეგ. ამ განცხადებებს აკეთებენ ადამიანები, ვინც ფინანსდებიან პირდაპირ რუსეთიდან ან ვინც პირდაპირ რუსულ საქმეს აკეთებდა, როცა იყო ხელისუფლებაში. ეს ხაზი უკვე ძალიან მკაფიოა და საზოგადოება ხედავს ვისთან გვაქვს საქმე," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან მსგავსი ბრალდებების საფუძველი ოპოზიციის წარმომადგენლების ფეისბუქ სტატუსები გახდა. "ევროპული საქართველოს" წევრმა, დავით დარჩიაშვილმა დაწერა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, მას კანდიდატის სტატუსის მიღება არ სურს. ამასთან, პარტია "დროას" წევრი წერს, რომ "ქართული ოცნება" ევროკავშირის სტატუსის მიღების შემთხვევაში ავტორიტარიზმს გაამყარებს.