როდესაც შეფასების დრო იქნება, საქართველოს ხელისუფლებას ყველაფერი ექნება გაკეთებული, რომ 12 რეკომენდაცია იყოს შესრულებული, ყველანაირი საფუძველი იქნება შექმნილი, რომ გადაწყვეტილება იყოს პოზიტიური, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისი თქმით, "საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად საფუძვლები არსებობდა ივნისშიც და ამის დასტური იყო ევროკომისიის შეფასებები, რომელიც ცხადყოფს, რომ საქართველო ლიდერი ქვეყანაა."
"რეკომენდაციების შესრულებაშიც საქართველო იქნება დაწინაურებული. სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ სტატუსი არ მიიღოს. მათი განცხადებები ვნახეთ, სადაც პირდაპირ ამბობენ, რომ კონკრეტული გეგმა აქვთ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ეს დააბრალონ ხელისუფლებას და შემდეგ გამოიყენონ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მათი პოლიტიკური ინტერესებისთვის. თუმცა, ხელისუფლებას რეფორმების გატარების კარგი ისტორია აქვს და ყველა ამბობს, რომ ქვეყანა რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით ლიდერი ქვეყანაა," – განაცხადა ჩიქოვანმა.