ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ოპოზიციის წევრები ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. საპასუხოდ, სამადაშვილმა კოლეგას 2012 წლამდე პერიოდი შეახსენა.
რატომ არ სურს ოპოზიციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და რა პოლიტიკური ინტერესი შეიძლება იდგეს ამ მიზნის მიღმა - ”ქართული ოცნების” ლიდერებმა აქცენტი დღეს სწორედ ამ თემაზე გააკეთეს. მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა საჯაროდ მოითხოვეს იმ ოპოზიციონერების სახელისა და გვარების გასაჯაროებაც, რომლებიც დახურულ შეხვედრებზე ქვეყნის ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგებიან.
მმართველი პარტიის წევრების გამოსვლები, თავდასხმად შეაფასეს ბრალდების ადრესატებმა და განცხადებებს სიცრუე უწოდეს, "ქართულმა ოცნებამ" კი კიდევ ერთხელ შეახსენა ოპონენტებს ბრიუსელში ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძის ვიზიტი.
ურთიერთბრალდებები სხდომათა დარბაზში 2 საათზე მეტი ხანს ისმოდა. ოპოზიციის ნაწილი ამტკიცებდა, რომ სტატუსის მიღების შემთხვევაში ის არა ხელისუფლების, არამედ ხალხის დამსახურება იქნება.
კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, დღეს მმართველმა გუნდმა საკუთარი მოლოდინებიც გაახმოვანა და თქვა, რომ თუკი გადაწყვეტილება ობიექტური იქნება - ქვეყანა აუცილებლად მიღებს დადებით შეფასებას.
მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, პასუხს ევროპელი ლიდერებისგან ქვეყანა წლის ბოლოსთვის ელოდება.