ვის არ სურს ოპოზიციიდან "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს - მმართველი გუნდი ოპოზიციის ნაწილს ღიად სდებს ბრალს იმაში, რომ ოპონენტები დასავლელ პარტნიორებთან ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობენ. "ქართული ოცნების" განმარტებით, ოპოზიციის გეგმა ასეთია - საქართველომ წლის ბოლოს არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რის შემდეგაც ქვეყანაში მასშტაბური აქციები და არეულობა დაიწყება. სახელისუფლებო პარტიის მტკიცებით, პარალელურად, ოპოზიცია შეეცდება "ქართული ოცნება" ხელისუფლებას ჩამოაშოროს და ქვეყანაში მეორე ფრონტი გახსნას.
"ქართული ოცნების" მძიმე ბრალდებებს საპასუხო ბრალდებებით უპასუხა ოპოზიციამ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ერთადერთი ძალა, რომელიც ქვეყნის ევროპულ კურსს აფერხებს, "ქართული ოცნებაა", თუმცა ოპოზიციის რიგებშიც აღმოჩნდნენ ისეთები, ვინც საკუთარ კოლეგებზე ღიად ამბობენ, რომ მათ "ქართული ოცნების" პირობებში სტატუსის მიღება არ სურთ და არც ბრიუსელის რეკომენდაციების შესრულებაში მონაწილეობენ.
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირი წლის ბოლოს მიიღებს.