15 ნოემბერი 2024,   06:07
ვრცლად
საქართველო ჩვენი ფუნდამენტური პარტნიორია, მშვიდობის ფაზლში საქართველოს ფუნდამენტური როლი აკისრია, ქვეყანა ჩვენთვის ღირებული პარტნიორია - ხავიერ კოლომინა

ფინეთის სწრაფი გაწევრიანება NATO-ში, ეს არის გზავნილი, რომ ღია კარის პოლიტიკა ძალაშია - აცხადებს "კურიერთან" ინტერვიუში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა. მან ასევე ისაუბრა საქართველოს საჭიროებებზე მორგებულ პაკეტის იმპლემენტაციაზე, იმაზე თუ რა ბენეფიტები ექნება საქართველოს დახმარების ამ პაკეტიდან.

"ფინეთი უკვე გახდა ნატოს წევრი და იმედი მაქვს, რომ ამ გზას შვედეთიც მალე შეურთდება. ჩემთვის გზავნილი მკაფიოა - ღია კარის პოლიტიკა მუშაობს. 2017 წელს მონტენეგრო გაწვერიანდა, 2019-ში ჩრდილოეთ მაკედონია, ახლა კი ფინეთი. რამდენიმე თვეში, შესაძლოა შვედეთიც ალიანსის წევრი გახდეს. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენს პოლიტიკურ მიდგომებს და გადაწყვეტილებებს თანმიმდევრულად მივყვებით. ისევე როგორც იმ გადაწყვეტილებას, რომელიც 2008 წელს ბუქარესტში საქართველოსთან დაკავშირებით მივიღეთ.

ამავდროულად ეს გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული პროცესი სულაც არ არის მარტივი. ჩვენ გვჭირდება ამაზე მუშაობა და არსებობს წევრობასთან დაკავშირებით გარკვეული მოლოდინები, არსებობს რეკომენდაციები, რეფორმები, რომლებიც უნდა შესრულდეს. თითქმის 2 წელია ამ პოზიციაზე ვარ და ამ სიტყვებს ვუმეორებ ჩემს ძვირფას მეგობრებსა და მთავრობის წარმომადგენლებს საქართველოში," - ამბობს ხავიერ კოლომინა.

ასევე, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინამ აღნიშნა, რომ ალიანსისთვის შავი ზღვის რეგიონს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა და თქვა, რომ ბუქარესტის გადაწყვეტილება, საქართველო გახდება NATO-ს წევრი, გადახედვას არ ექვემდებარება.

"აღნიშნულ პაკეტს დაემატა ახალი მიმართულებები იმ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომელიც აქამდე ჩვენ უკვე გვქონდა. გულწრფელად რომ გითხრათ, საქართველო უკვე ფლობს პარტნიორობის ყველა ინსტრუმენტს. ჩვენ გვაქვს NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც რამდენიმე წლის წინ განახლდა. რეალურად ამ პაკეტით ჩვენი საქმიანობები უფრო მეტად იზრდება. ეს ხსნის გზას არა მხოლოდ საქართველო-NATO-ს შორის ორმხრივი ურთიერთობებისთვის, არამედ ხსნის პლატფორმას საქართველოსა და ალიანსის მოკავშირეებისთვის.

საქართველოს შეუძლია გამოიყენოს ეს პლატფორმა, რომ მოითხოვოს თანამშრომლობა და ჩვენ შევძლებთ მისი მოთხოვნებისთვის ერთობლივად პასუხის გაცემას. ერთობლივად მუშაობით საქართველოს ვაძლევთ იმას, რასაც ის ითხოვს. ამავდროულად დაინტერესების შემთხვევაში ვხსნით ახალ შესაძლებლობებს ორმხრივი ურთიერთიბისთვის ალიანსის პარტნიორებთან. ეს საქართველოს დაეხმარება იყოს უფრო მედეგი.

როგორც თქვენ იცით, ჩვენ შეშფოთებულები ვართ რუსეთის მხრიდან შესაძლო მავნე ჩარევებზე. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ საქართველოსთან ამ პაკეტის წამოწყება. შავი ზღვის უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია, ის ნათლად ჩანს მადრიდის სტრატეგიულ კონცეფციაში. დასავლეთ ბალკანეთსა და შავ ზღვას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ არის კავკასიის რეგიონი ასეთი მნიშვნელოვანი. რაც ხდება შავ ზღვაში, გავლენა აქვს ევროატლანტიკურ სტაბილურობაზე, მოგეხსენებათ, რომ საქართველოს აქვს ვრცელი სანაპირო ზოლი შავ ზღვაზე.

სწორედ ამიტომ ამ მიმართულებით ჩვენ უფრო მეტ ინვესტიციას ვდებთ ხანგრძლივი ვადით. საქართველო ჩვენი ფუნდამენტური პარტნიორია. მშვიდობის ფაზლში საქართველოს ფუნდამენტური როლი აკისრია. ქვეყანა ჩვენთვის ღირებული პარტნიორია, ასევე მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც," - აცხადებს კოლომინა.

დღის ამბები