საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. კონსულტაციებს უძღვებოდნენ მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია და მისი იტალიელი კოლეგა ედმონდო ჩირიელი.
საუბარი შეეხო საქართველოსა და იტალიას შორის ორმხირივი თანამშრომლობის მიმართულებებს - პოლიტიკის, ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.
ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხი. განხილულ იქნა 12 პუნქტის შესრულების მიმდინარეობა. საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციასა და ვილნიუსის სამიტის მზადების პროცესს.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ედმონდო ჩირიელი აცხადებს, რომ იტალია ქართველი ხალხის და საქართველოს დიდი გულშემატკივარია.
"იტალია ქართველ ხალხს მიიჩნევს უძველეს მეგობრად, რომელიც კულტურულად ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი და რომელსაც მხარს უჭერს ამ გაწევრიანების პროცესში. დღეს მე როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, რომელსაც ასევე ეხება კავკასიის საკითხები, მინდოდა დამეფიქსირებინა იტალიის მხარდაჭერა და მეგობრობა. მინდა აღვნიშნო ის გულთბილი დახვედრა, რომელიც გვქონდა მთავრობის ყველა წარმომადგენლისგან. მათ კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება და დაადასტურეს ევროატნალტიკური ინტეგრაციის დიდი სურვილი და იტალია იქნება დიდი მხარდამჭერი ქართველი ხალხის ამ ასპირაციისა,"- აცხადებს ედმონდო ჩირიელი.