მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სტრასბურგის სასამართლოში საქმის გაგზავნის თაობაზე დავალება არ მიუცია.
"სტრასბურგთან დაკავშირებით სულ ორ სიტყვას ვიტყვი, ჩემი კონტრაქტორი მხარე არის ბატონი მიხეილ სააკაშვილი, მას ჩემთვის ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება ან დავალება არ მოუცია", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
პარლამენტის წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით კი, არ იცის როდის გადაწყდება საქმის სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნა, თუმცა მიაჩნია, რომ საქმე აქამდეც უნდა გაგზავნილიყო.
"ადამიანი, რომელსაც კახექსიის მე-4 სტადია აქვს და უკიდურესად მძიმეა და პრაქტიკულად აღარ არსებობს სხეულის მასის ინდექსი, ამ ადამიანს მართლა ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება რაღაც დაემართოს. რაც შეეხება სტრასბურგს, მე ვერ გეტყვით სამართლებრივ მხარეს იმიტომ, რომ არ ვიცი როდის გადაწყვეტენ გაგზავნას. ალბათ, აქამდეც უნდა გაგზავნილიყო, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ეს დასკვნა, რეალურად ძალიან თვალსაჩინო იქნება იმისთვის, რომ ყველამ დაინახოს რა მდგომარეობაშია სააკაშვილი", - განაცხადა დეკანოიძემ.