რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ელჩების რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა, რომ რუსეთი გააგრძელებს თავისი ვალდებულებების შესრულებას აფხაზეთის ყოვლისმომცველი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის. ცერემონიას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩი ალხას კვიცინიაც ესწრებოდა.
ცერემონიაზე პუტინმა აფხაზეთს "სტრატეგიული მოკავშირე და უახლოესი მეზობელი" უწოდა.
"აფხაზეთის რესპუბლიკა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე და უახლოესი მეზობელია. წელს ჩვენ აღვნიშნავთ მნიშვნელოვან თარიღებს - რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების 15 წლისთავს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების და მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების ხელმოწერას. რუსეთი გააგრძელებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას აფხაზეთის ყოვლისმომცველი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის,"- განაცხადა პუტინმა.