საქართველო ევროპული ინტეგრაციისკენ მიმავალი გზის გზაჯვარედინზეა - ასეთია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვერდიქტი. თუ ქვეყანა ამ გზა გასაყარზე განთავსებულ 12-ვე საგზაო ნიშანს დაემორჩილება, ის დანიშნულების ადგილს ანუ "კანდიდატის სტატუს" დროულად მიაღწევს, მანამდე კი ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს პროგრესს აფასებენ. საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების სპეციალურ განცხადება დღეს გამოქვეყნდა. მთავარი პრობლემა, კვლავ პოლარიზაციაა. ევროპა ხელისუფლებას და ოპოზიციას ისევ ერთობლივ მუშაობას სთხოვს.
კიდევ ერთი შენიშვნა საპარლამენტო ასამბლეისგან: ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტში პერსონალურ მიდგომებზე და პრობლემის სისტემურ აღმოფხვრაზე იმუშაოს. ვრცელ განცხადებაში მოხვდა სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხი და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კორპორატივიზმის პრობლემის მოგვარებაც.
კრიტიკის გარდა, ქვეყანამ ევროპელი პოლიტიკოსებისგან შექებაც დაიმსახურა: "საქართველო ევროპული ქვეყანაა. ქართველები ევროპელები არიან, საქართველო და ქართველი ხალხი ევროპაში სრული ინტეგრაციას იმსახურებს" - ასე იწყება ასამბლეის თანამომხსენებელთა განცხადება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია გაახმოვანა. მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებმა, საქართველოში ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდეს, დაძლიონ, მათი თქმით, უკიდურესი მტრობა და პოლარიზაცია, გვერდი აუარონ ვიწრო პარტიულ ინტერესებს და ერთობლივად იმუშაონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ ევროპელების მხრიდან მოწოდება ოპოზიციის მისამართით გაკეთდა.
12 რეკომენდაციის შესრულების კონტექსტში პასუხისმგებლობის ვექტორი, მმართველი პარტიისკენ გადმოაქვს ოპოზიციის ნაწილს. სახელისუფლებო გუნდის ოპონენტები ამბობენ რომ "ქართული ოცნების" პირობებში პოლარიზაციის შემცირება შეუძლებელია.
ევროსაბჭოს თანამომხსენებლები დეპოლარიზაციასთან ერთად დეოლიგარქიზაციის საკითხსაც შეეხნენ და ხელისუფლებას ურჩევენ უარი თქვას "დეოლიგარქიზაციის" კანონპროექტში ე.წ. პერსონალურ მიდგომაზე. ხაზს უსვამენ სასამართლო სისტემის რეფორმის გაგრძელების აუცილებლობასაც განცხადებაში მიხეილ სააკაშვილზეც არის საუბარი. ევროსაბჭოს წევრები საქმის იურიდიულ ასპექტებზე კომენტარს არ აკეთებენ. ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებასა და სააკაშვილის ოჯახს შეთანხმდნენ უცხოელ ექიმებთან წვდომის შესაძლებლობაზე.
საქართველო კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო სიტყვას, წლის ბოლოს ელოდება. მმართველი პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ოპოზიციამ ევროპის რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს და უარი თქვას საკუთარ ანტისახელმწიფოებრივ გეგმაზე
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები, საქართველოში მარტის ბოლოს იმყოფებოდნენ.