15 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
ზელენსკის ვიზიტი ვარშავაში - უკრაინის პრეზიდენტს პოლონეთის უმაღლესი ჯილდო და მიგ-29 ტიპის გამანადგურებლები გადაეცა

ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი ვარშავაში დილის 11 საათისთვის დაიწყო. უკრაინის პრეზიდენტს და პირველ ლედის ანდჟეი დუდამ მეუღლესთან ერთად უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონია პოლონეთის დედაქალაქის სამეფო სასახლეში შედგა. სამხედრო ინტერვენციის დაწყებიდან დღემდე ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა უკრაინის საზღვრები დატოვა. 

რუსული აგრესიის ქვეშ მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ანდჟეი დუდამ დღეს პოლონეთის უმაღლესი, "თეთრი არწივის" ორდენით დააჯილდოვა. რის შემდეგაც მხარეებს შორის პირისპირ შეხვედრა დაიწყო. 

დახურულ კარს მიღმა შემდგარი საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ ზელენსკი შინ მხოლოდ ორდენით არ ბრუნდება. პოლონეთი უკრაინას დამატებით 4 ავიაგამანადგურებელს გადასცემს. ჯამში, ვარშავამ კიევს უკვე 8 "მიგ-29" ტიპის მოიერიშე გამოუყო. დამატებით ექვსს, ომში მყოფი ქვეყანა უახლოეს პერიოდში მიიღებს. 

ზელენსკიმ დუდას გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი პოლონელი კოლეგა არ იშურებს ძალისხმევას უკრაინის მხარდასაჭერად, რაც მისი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პარალელურად, ზელენსკიმ ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობა მიმოიხილა და ბახმუტის დატოვება არ გამორიცხა. 

გადაწყვეტილების მიღებამდე, ქალაქის ქუჩებში სასტიკი ბრძოლები გრძელდება. საოკუპაციო ჯარმა გარკვეულ ქუჩებზე წარმატებას მიაღწია, თუმცა, უკრაინელი სამხედროები უკან არ იხევენ. პარალელურად, აგრესორი არ წყვეტს იერიშს ავდიივკის და ლიმანის მიმართულებით. 

ზარალი აქვს უკრაინულ მხარესაც, თუმცა, მისი დიდი ნაწილი კვლავ სამოქალაქო და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე მოდის. ბოლო 24 საათის განმავლობაში, აგრესორმა მძიმე შეიარაღებიდან რამდენიმე შეტევა განახორციელა. დაბომბვის შედეგად, 6 მშვიდობიანი დაიღუპა დონეცკის ოლქში, შვიდი მძიმედ დაშავდა. საოკუპაციო მასირებული შეტევა აწარმოა აგრესორმა ჩერნიგოვის ოლქის მიმართულებითაც. საცხოვრებელი სახლების გარდა, დაზიანებულია საავადმყოფო და ელექტროგადამცემი ხაზები. 

 

დღის ამბები