05 ივნისი 2026,   18:32
ვრცლად
ყველაფერი არის იმის გამო, რომ რეალურად საქართველოში უნდათ იყოს მართული სასამართლო - ლევან მურუსიძე სანქცირების შესახებ

ვაშინგტონის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოსამართლეების დასანქცირების შესახებ სხვა არაფერია თუ არა მცდელობა საქართველოს სასამართლო საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს - ასე აფასებს სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელ განცხადებას ლევან მურუსიძე.

მურუსიძე ერთ-ერთია იმ 4 მოსამართლეს შორის, რომელთაც შეერთებულმა შტატებმა მოქმედი ვიზები "მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო" გაუუქმა.

მურუსიძე ამტკიცებს, რომ კორუფციული საქმიანობა გამოგონილი მიზეზია, მხოლოდ სხვა მოსამართლეების დაშინებას ემსახურება და ვაშინგტონის გადაწყვეტილება საქართველოს სუვერენიტეტში უხეში ჩარევაა.

"ყველაფერი არის იმის გამო, რომ რეალურად საქართველოში უნდათ იყოს მართული სასამართლო და ვერ ეგუებიან, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი.

რა ვქნათ, ცუდია პირადად ჩემთვის ეს სანქციები, მაგრამ რას ვიზამთ, მიმაჩნია, რომ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ღირსეულად ვმუშაობდი, ვემსახურებოდი ამ ქვეყანას, ვიცავდი სასამართლოს დამოუკიდებლობას.

პირდაპირ მიმართეს მოსამართლეებს და უთხრეს, რომ თუ არ დაგვემორჩილებით და თუ არ გააკეთებთ იმას, რაც არის ჩვენს ინტერესში, დაგემართებათ ის, რაც დაემართა ლევან მურუსიძეს. ეს არის თავი და ბოლო, რეალურად საქართველოს სუვერენიტეტში უხეში ჩარევა.

ხო შეეძლოთ ეკითხათ, ბატონო ლევან, თქვენ ამაში, რაღაცაში გდებენ ბრალს და რა არის თქვენი არგუმენტი, მაგრამ ამაზეც არ შეიწუხეს თავი," - აცხადებს ლევან მურუსიძე.

დღის ამბები