ყოფილი მოსამართლე ვალერი ცერცვაძე, რომელიც ერთ-ერთია იმ 4 პირისგან, ვისაც აშშ-სგან დაწესებული სანქციები შეეხო, კატეგორიულად არ ეთანხმება მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს.
მისი შეფასებით, ბრალდებები უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს და პოლიტიკურ შინაარსს ატარებს.
"მსურს განვაცხადო, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმები გაჟღერებულ ბრალდებებს. მინდა ავღნიშნო, რომ 6 წელია რაც აღარ ვარ არც სასამართლო და არცერთ სხვა სახელმწიფო თანამდებობაზე, შესაბამისად ჩემი, როგორც უვადო მოსამართლედ მოხსენიება აშკარად წარმოადგენს ფაქტების შეგნებულ დამახინჯებას. აღნიშნული პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტურად მცდარი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის საფუძველზე იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება.
ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ არ არსებობს არცერთი ფაქტი და მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს გაჟღერებულ ბრალდებებს. მიმაჩნია, რომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული განცხადებები, ატარებს პოლიტიკურ შინაარსს.
ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, რომ აღნიშნული მიზნად ისახავს სასამართლოში გავლენის მოპოვებას და მის სრულ დისკრედიტაციას," - წერს ვალერი ცერცვაძე facebook-ზე.