15 ნოემბერი 2024,   05:53
ვრცლად
საგამოძიებო კომისიისთვის მხარდაჭერა ტესტი იქნება ყველა ოპოზიციონერი დეპუტატისთვის - ხატია დეკანოიძე

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი სანქციების თემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რომელმაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები უნდა შეისწავლოს.

ერთობლივ ბრიფინგზე, პარლამენტის წევრმა ხათუნა სამნიძემ ხაზი გაუსვა, რომ ამ კომისიის შექმნის საკითხზე პასუხისმგებლობა თითოეულ დეპუტატს ეკისრება. 

"ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ გავაგრძელოთ დაწყებული საქმე, დარეგისტრირებული კომისია უკვე შევქმნათ და ამ შექმნასა და კენჭისყრაში პასუხისმგებლობაა თითოეული დეპუტატის. შევისწავლოთ ის კორუფციული ფაქტები, რაზეც საუბარია სანქცირების წერილში," - აცხადებს ხათუნა სამნიძე.

პარლამენტის წევრმა სალომე სამადაშვილმა კი ამ საგამოძიებო კომისიის შექმნის, როგორც პოლიტიკური აქტის განსაკუთრებული მნიშვნელობა აღნიშნა. 

"ჩვენ არ ვაპირებთ უყურადღებოდ დავტოვოთ ის უკიდურესი შეშფოთება, რაც დღეს ვაშინგტონმა გამოხატა, როდესაც დაასანქცირა კონკრეტული მოქალაქეები. ამიტომ, ამ კომისიის შექმნა შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტი, რაც კი შესაძლოა განხორციელებულიყო ჩვენს პარლამენტში, ამ მოწვევის პარლამენტში. მოვუწოდებ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს, გამოიყენოს საკუთარი მანდატი,“- აცხადებს სალომე სამადაშვილი. 

პარლამენტის წევრის, ხატია დეკანოიძის აზრით კი ამ კომისიის მხარდაჭერა ტესტი იქნება ყველა ოპოზიციონერი დეპუტატისთვის. 

"საგამოძიებო კომისიისთვის მხარდაჭერა ტესტი იქნება ყველა ოპოზიციონერი დეპუტატისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კანდიდატის სტატუსის მისაღებად მთავარი დაბრკოლება, ეს არის მართლმსაჯულების სისტემა," - აცხადებს ხატია დეკანოიძე. 

დღის ამბები