პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს შეიქმნას საგამოძიებო კომისია მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ამ საკითხზე, პირველ რიგში, კომუნიკაცია იქნება სტრატეგიულ პარტნიორებთან, შემდეგ კი გადაიდგმევა შემდგომი ნაბიჯები.
"ჩვენ, პირველ რიგში, გვჭირდება კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. ამის მიხედვით გადაწყდება შემდგომი ნაბიჯები. რა თქმა უნდა, შესაძლებელია საგამოძიებო კომისია და შეიძლება, ჩვენ ვიყოთ ამის ინიციატორი, არავის შეხსენება არ გვჭირდება. თუ იქამდე მივედით, რომ ეს მექანიზმი იქნება ყველაზე ეფექტიანი საშუალება და არ არსებობს სხვა მექანიზმი, რომ ყველაფერი იყოს საჯარო, რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯსაც, დიდი ალბათობით, ვიმსჯელებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ასე რომ, არაფერს არ გამოვრიცხავ.
ეს არის უპრეცენდენტო გადაწყვეტილება. ფაქტობრივად ამით ბრალს უყენებენ სასამართლო სისტემაში მყოფ ცალკეულ მოსამართლეებს. ეს ნეგატიურად აისახება სასამართლო სისტემის რეპუტაციაზე ამიტომ ამ ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, ვინაიდან პარტნიორებთან და მეგობრებთან ამ ფორმით საუბარი არაფერში არავის არ წაადგება, როდესაც სანქციების ენით ესაუბრებიან ხელისუფლების რომელიმე შტოს. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია. ყველაფერს ნათელი უნდა მოეფინოს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ცნობილი იყოს ვისი მხრიდან იქნა ინფორმაცია მიწოდებული, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება - ეს ყველაფერი ჩვენი საზოგადოებისთვის უნდა ნათელი," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, რადგან გადაწყვეტილებების დასაბუთებები არ არის ცნობილი, ის ნეგატიურ შინაარსს ატარებს.
"ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში არ მოგვისმენია დასაბუთებები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არსებობდეს კონკრეტული დასაბუთებები, ვინაიდან ეს ეხება ხელისუფლების ერთ-ერთ შტოს და ამდაგვარი გადაწყვეტილება არის ძალიან ნეგატიური შინაარსის მატარებელი.
მეორეს მხრივ ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვაქვს დიდი ხნის განმავლობაში თანამშრომლობის ძალიან მაღალი დონე და ვთვლით, რომ ეს გადაწყვეტილება ამ თანამშრომლობის დონეს არ შეესაბამება, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ამ თანამშრომლობის საფუძველზე ჩვენ არა ერთი ბევრი კარგი შედეგი დაგვიდია, მათ შორის არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად გლობალური უსაფრთხოებისთვის.
ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ამ შემთხვევაში ხელს აძლევს და ხელს უწყობს კიდევ მორიგ ჯერზე პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავებას და ეს გადაწყვეტილებები უკვე დავინახეთ, რომ კონკრეტული რევანშისტული პოლიტიკური ძალების მხრიდან არის გამოყენებული იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს პოლარიზაცია," - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.
შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ახდენენ მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირებას.