15 ნოემბერი 2024,   05:50
ვრცლად
აშშ-ის გადაწყვეტილება სანქციების შესახებ - უმრავლესობა არგუმენტებს ელოდება, რაზე დაყრდნობით დაადანაშაულეს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე კორუფციაში  

3 მოქმედი და 1 ყოფილი მოსამართლის ამერიკის სანქცირებულთა სიაში შეყვანის გადაწყვეტილებას, მმართველი პარტიისთვის, არგუმენტები აკლია. სახელისუფლებო გუნდი პარტნიორი სახელმწიფოსგან კონკრეტულ მტკიცებულებებს ელოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფიქრობს, რომ მურუსიძის, ჩინჩალაძის, შენგელიას და ცერცვაძისთვის ამერიკის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას საკმარისი დასაბუთება არ აქვს.

საპარლამენტო პოლიტიკური ძალების თითქმის სრული შემადგენლობა საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. კომისიის მუშაობის მთავარი ამოცანა სასამართლო სისტემაში შესაძლო კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესწავლა უნდა იყოს. ოპოზიციას საკითხის კენჭისყრაზე დაყენება სჭირდება. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტს მიმართეს და ორშაბათისთვის რიგგარეშე სხდომის მოწვევა მოითხოვეს.

საგამოძიებო კომისიის საჭიროების შემთხვევაში მმართველი პარტია არ გამორიცხავს, რომ ეს გადაწყვეტილება მსჯელობის შემდეგ თავადაც მიიღოს. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება სასამართლო სისტემაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს. სახელისუფლებო გუნდში ისიც აინტერესებთ, რა ინფორმაციით იხელმძღვანელა შეერთებულმა შტატებმა.

ოპოზიციის შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში უპრეცედენტოა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის ამერიკაში შესვლაზე უარი სასამართლო სისტემის გარდა ქვეყნისთვისაც რეპუტაციული ზიანია. ოპოზიციამ სასამართლოს ფუნდამენტურ რეფორმამდე სანქცირებული მოქმედი მოსამართლეების გადადგომაც მოითხოვა.

კონკრეტული მოსამართლეების სანქცირებულთა სიაში შეყვანას რამდენიმე მიზეზს უკავშირებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. ერთის მხრივ ეს სასამართლო სისტემის კონტროლის სურვილად შეაფასეს, მეორეს მხრივ კი ოპოზიციის მიზანიც დაინახეს - საკითხი საკუთარ პოლიტიკურ ინტერესს მოარგონ. უმრავლესობა ამერიკული მხარისგან მეტ სიცხადეს ელოდება, რაზე დაყრდნობით დაადანაშაულეს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე კორუფციაში.

მურუსიძე, ჩინჩალაძე, შენგელია და ცერცვაძის საკითხი ხვალ საუბრის მთავარი თემა იქნება პრეზიდენტსა და საქართველოში ამერიკის ელჩს შორის შეხვედრაზე. უკვე ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი კელი დეგნანს ათონელის რეზიდენციაში ელოდება.

დღის ამბები