15 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
რა არგუმენტები შემატა სააკაშვილის დაცვის სტრატეგიას მოსამართლეთა სანქცირებამ და დაერთვება თუ არა ეს ფაქტი სტრასბურგში გასაგზავნ საჩივარს

მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, სააკაშვილის ადვოკატებმა დაცვის სტრატეგია შეცვალეს და ამბობენ, რომ სტრასბურგამდე ახალი გეგმით მივლენ. შოთა თუთბერიძემ დღეს არ გამორიცხა, რომ ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნით, საქალაქო სასამართლოს ისევ მიმართონ.

ჯერ კიდევ უცნობია სტრასბურგისთვის მიმართვის თარიღი. შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება სააკაშვილმა უნდა მიიღოს.

კლინიკა "ვივამედი" კი, ისევ სააკაშვილის შერჩევით კვებაზე საუბრობს. მკურნალი ექიმის თქმით, ექსპრეზიდენტმა დღეს უარი თქვა ფსიქიატრის კონსულტაციაზეც.

ექსპრეზიდენტის მძიმე მდგომარეობაზე სააკაშვილის თანაგუნდელები მიუთითებენ და ამბობენ, რომ ადვოკატებმა ევროპულ სასამართლოს უმოკლეს დროში უნდა მიმართონ.

მმართველი გუნდის აზრით, სააკაშვილი სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას არ ჩქარობს, რადგან ყოფილი პრეზიდენტის უფლებები არ დარღვეულა.

სააკაშვილის უფლებადამცველები ახალ მტკიცებულებებს აგროვებენ და სავარაუდოდ, ამის შემდეგ მიმართავენ საქალაქო სასამართლოს.


ავტორი: ანუკა ბუავა.

დღის ამბები