ადამიანები, რომლებიც დღეს ასანქცირებენ მოსამართლეებს, გვეუბნებოდნენ, რომ სააკაშვილის მმართველობა დემოკრატიის შუქურა იყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილება, ყოველგვარი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, მიუღებელია.
"ნახეთ, ძალიან მარტივია სიტუაციაა. გვახსოვს, რა ხდებოდა ქვეყანაში 2012 წლამდე. სასამართლო იყო ჩვეულებრივი ნოტარიუსი. ის გადაწყვეტილებები, რა გადაწყვეტილებების მიღებაც ხდებოდა, შემდეგ როგორ ხდებოდა მათი გასაჩივრება სტრასბურგში, რამდენი იყო და რა ვითარება გვაქვს დღეს ამ მიმართულებით, ყველაფერი ხომ შედარებითია, ძალიან მარტივად ხელმისაწვდომია აღნიშნული მონაცემები ნებისმიერი ადამიანისთვის. გვახსოვს 2012 წლამდე ის კრიმინალური, სისხლიანი რეჟიმი, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება წარმოადგენდა. დღეს ზუსტად ის კონკრეტული ხაზი, რომელიც ასანქცირებს მოსამართლეეებს აბსოლუტურად გაუგებრად, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ეს ადამიანები გვეუბნებოდნენ, რომ სააკაშვილის მმართველობა იყო დემოკრატიის შუქურა. საქართველოში ცხოვრობს მოაზროვნე ხალხი. დარწმუნებული ვარ, ყველა ადამიანი სწორ ანალიზს გააკეთებს," – განაცხადა კახა კალაძემ.
აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.